თვითმმართველობის არჩევნები 2021

კალაძე პლაკატებზე: მე და ჩემს გუნდს არასდროს გვიბრძოლია ასე, ჩვენი კაპიტალი ხალხის ნდობაა

თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის არაერთ უბანში ჰომოფობიური პლაკატების გამოჩენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ პლაკატების მის წინასაარჩევნო კამპანიაზე პროექცია ლოგიკას მოკლებულია, რადგან, მისი განმარტებით, ქართულ ოცნებას ამ მეთოდებით ბრძოლა არ სჩვევია. 

"ჩემთვის პირადად ასევე სამწუხაროა, ისიც, რომ ბოლო ფაქტის გამო, მიზანმიმართულად იყო მცდელობა მერიის უწყების,მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის და ამ პლაკატების ჩემს საარჩევნო კამპანიაზე პროექცია. სულ მცირე, ლოგიკა არის საჭირო და პირდაპირ ვიტყვი, რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა, აგრესია, ქაოსი?! მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა, არასდროს გვიბრძოლია ასე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ პირადად მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის, ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი რაც კი გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი პიარი და ჩვენი იარაღიც, ოპონენტებთან ურთიერთობისას. ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კალაძეს ან მერიას, ზოგადად ჩვენს ქალაქს და თრგუნავს საზოგადოებას". - ამბობს კალაძე. 

მისივე თქმით, ვინც ქალაქის იერსახის დამახინჯებას შეეცდება, დაჯარიმდება. 

"ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და იგი დასჯადი ქმედებაა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უამრავი საშუალება და ფორმა. ეს არის თემა, რომელსაც ჩვენ 2012 წელს, ყველამ ერთად მივაღწიეთ და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, მაგრამ დაუშვებელია კანონისა და წესების სრული უგულებელყოფით ქუჩებსა და შენობებზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება. ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დავუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება". - ამბობს კალაძე. 


"არა ნაცებს, არა ბოროტებას!" – წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური პლაკატები გამოაკრეს.  პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, კრიტიკული მედიის მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

თბილისში გაკრულ ჰომოფობიურ პლაკატებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI). ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ისინი თავიანთი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

მსგავსი შინაარსის პლაკატი წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა, როდესაც  საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილი ახალი პლაკატით შეცვალეს, იმავე წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას!".

ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

კომენტარები