ეკონომიკა

ღარიბაშვილი მილიარდობით ლარის ფინანსურ ვალდებულებებს ნულ თეთრად აღიქვამს

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 წელს საქართველოს მთავრობას ახალი ვალი არ აუღია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. 

"წელს არცერთი ლარის, არცერთი თეთრის სესხი არ აგვიღია". – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

პრემიერის განმარტებით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იმდენად მაღალი იყო, რომ ფინანსთა სამინისტრომ დამატებითი ვალდებულებების აღების გარეშე შეძლო ბიუჯეტის კორექტირება და სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება. 

"ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენი თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა. 45%-იანი აპრილში, 25%-იანი მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა იმის საშუალება, რომ არცერთი ლარი, არცერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვეცა საშუალება მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი". – თქვა ღარიბაშვილმა. 

მიუხედავად პრემიერმინისტრის მტკიცებისა და ფაქტების უგულებელყოფისა, 2021 წელს საქართველოს საგარეო ვალდებულებები მილიარდობით ლარით გაიზარდა. 

მაგალითად, 2021 წლის აპრილში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ $500-მილიონიანი ევრობონდები გამოუშვა. საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთმა 2.75% შეადგინა, რომლის ძირიცა და პროცენტიც საქართველომ 5 წელში უნდა დაფაროს. 

მიუხედავად იმისა, რომ ობლიგაციები ფინანსური ვალდებულებაა და მისი დაფარვა სახელმწიფოს მოვალეობაა, პრემიერი ღარიბაშვილი $500-მილიონიან ვალს ნულ თეთრად აღიქვამს და მის არსებობას არ აღიარებს. 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, პრემიერმა ისეთი ახალი ხელშეკრულებები და ვალდებულებები იგულისხმა, რომლებიც 2021 წელს დაიგეგმა და გაფორმდა.
ევროობილგაციების რეფინანსირება კი მთავრობის გეგმაში გასული წლიდანვე იყო, შესაბამისად, ის პრემიერის მიერ გაჟღერებულ დამახინჯებული რეალობის სურათში ვერ აღმოჩნდა. 

გარდა ამისა, 10 ივნისს საქართველომ და საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვით, 2021-2023 წლებში საქართველო 483 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს მიიღებს

აღნიშნული თანხიდან 33 მილიონი ევრო საგრანტო დაფინანსებაა, დანარჩენი 350 მილიონი კი – სესხი.

პრემიერი არც 350-მილიონიანი ვალდებულების გაჩენას ცნობს, რადგან ისიც გრძელვადიანი შეთანხმებების ნაწილი იყო და, მისი ლოგიკის თანახმად, ის 2021 წელს არ უნდა მივაწეროთ. 

პრემიერის სიტყვებს ეწინააღმდეგება თავად ფინანსთა სამინისტროს ანგარიშგებაც. 

სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში ფინანსური ვალდებულებების ზრდამ 3.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ანუ ქვეყნის საგარეო ვალი არა ნულით, არამედ მილიარდებით გაიზარდა.

ასევე, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წლის ბოლომდე 12 თვეში აღებული ვალდებულებების მოცულობა 5.3 მილიარდ ლარს მიაღწევს. 

ბიუჯეტის მიხედვით, წლის ბოლოს სახელმწიფო ვალის საერთო მოცულობა 32 მილიარდი იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 54%-ა.

პრემიერი ღარიბაშვილი კი ბიუჯეტში გაწერილ 3.5 მილიარდი ლარის ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან აქვს აღებული, ნულ ლარად აღიქვამს.

კომენტარები