ევროპული საქართველო

ნონიაშვილი მერიის გამოხმაურებაზე: საუბარი მერიის გვერდზე იყო, არა – კახა კალაძის

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი, გიორგი ნონიაშვილი თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება. ნონიაშვილის თქმით, მან პრეზენტაციისას მუნიციპალიტეტის მერიის Facebook გვერდის სარეკლამო დანახარჯებზე ისაუბრა და არა თბილისის მერის, კახა კალაძის პირად გვერდზე.

"მერიამ პასუხი მოგვწერა სრულიად უტიფრად, რომ კახა კალაძე საკუთარ პირად გვერდზე არ აკეთებს მერიის ხარჯებიდან თანხების მოზიდვას რეკლამირებაში. ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება კახა კალაძის პირად გვერდზე რაიმეს დასპონსორებაში და რეკლამირებაში. მე მინდა, თბილისის მერიას ვუთხრა, რომ კახა კალაძის პირად გვერდზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო თბილისის მერიის Facebook გვერდზე, მათ შორის. 

ეს უზარმაზარი თანხები, რომელიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა ბევრად მეტ კარგ საქმეს, ეს 5 მილიონიც და ეს 600 ათასიც მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკური კამპანიის წარმოებას, იმიტომ, რომ თავისი არსით, მერია რასაც არეკლამებს, ეს სინამდვილეში წინასაარჩევნოდ კალაძის პოლიტიკური კამპანიის ნაწილია და ამაში გადასახადების გადამხდელები იხდიან ფულს, სამწუხაროდ". – თქვა ნონიაშვილმა

თბილისის მერია გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის სიტყვებს, რომ მუნიციპალიტეტის მერია პიარ კამპანიაში წელიწადში 5 000 000 ლარს ხარჯავს, აქედან 600 000 ლარს კი თბილისის მერი, კახა კალაძე საკუთარი თავის რეკლამირებაში იხდის.

მერიაში აღნიშნავენ, რომ კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება მისი პირადი სახსრებით ხორციელდება და ამისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა, თუმცა ნონიაშვილმა ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული სქემის პრეზენტაციისას არა კახა კალაძის, არამედ თბილისის მერიის ოფიციალური გვერდის დანახარჯებზე ისაუბრა.

ევროპული საქართველო ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტიკორუფციულ ქსელს ქმნის, რომლის ხელმძღვანელი გიორგი ნონიაშვილი იქნება. ქსელის პრეზენტაციაზე ნონიაშვილმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეებზე ისაუბრა.

კომენტარები