თვითმმართველობის არჩევნები 2021

დეკანოიძე: პარასკევს წარვადგენთ მერობის საერთო კანდიდატს, მელია ყველაზე ახლოსაა

Khatia Dekanoidze / Facebook

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძეს თქმით, ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს. მისივე თქმით,  საერთო კანდიდატობასთან ყველაზე ახლოს არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია.

"გულწრფელად გეტყვით, ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ახლა, იყოს ერთიანი კანდიდატი. ეს კვირა არის საბოლოო კვირა, როცა ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დეტალებზე ვსაუბრობთ  - როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ძალებთან. რამდენიმე ძირითადი შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა გასავლელი. ვფიქრობ, რომ პარასკევს საბოლოოდ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე". – ამბობს ხატია დეკანოიძე.

გუშინ, 20 ივლისს, ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენაზე მისული ოცნების წევრები და მხარდამჭერები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულები იყვნენ - მათ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ და შეურაცყოფას აყენებდნენ. ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს გამოგლიჯა და დახია. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ჟურნალისტებს მასზე უძალადიათ. "ყარხართ, თქვენ ხართ ნაგავი, სამარცხვინოები, ნაძირალები" - ამ სიტყვებით კი ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ მიმართა.  

კომენტარები