პერუ

პერუს პრეზიდენტად მემარცხენე პედრო კასტილო აირჩიეს

პედრო კასტილო
GETTY IMAGES

პერუს პრეზიდენტად 51 წლის მემარცხენე ახალბედა პოლიტიკოსი, ყოფილი მასწავლებელი პედრო კასტილო აირჩიეს. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები კასტილოს მეტოქის, კეიკო ფუჯიმორის, საჩივრების განხილვის შემდეგ გამოაცხადა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 28 ივლისს გაიმართება.

არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ კასტილო დედაქალაქ ლიმაში სიტყვით გამოვიდა.

"ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, ქვეყნის გაერთიანებისთვის და უარვყოფ ყველაფერს, რაც დემოკრატიას ეწინააღმდეგება". – თქვა კასტილომ.

პოლიტიკურ ასპარეზზე კასტილო ოთხი წლის წინ გამოჩნდა. ის ათასობით მასწავლებლების გაფიცვას ხელმძღვანელობდა, რომლებიც ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაიფიცნენ. კრიმინალთან უკეთ გამკლავებისთვის, კასტილომ სიკვდილით დასჯის დაბრუნების ინიციატივა წამოაყენა.

ივნისში ჩატარებულ არჩევნებში პედრო კასტილომ მეტოქე კეიკო ფუჯიმორი 44 000 ხმის უპირატესობით დაამარცხა. არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ კასტილო გამარჯვებას ზეიმობდა, თუმცა ოფიციალური შედეგების გამოცხადება ფუჯიმორის საჩივრების განხილვამ შეაყოვნა. კეიკო ფუჯიმორი ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, საარჩევნო კომისიამ დაღვევები ვერ იპოვა. არჩევნები დადებითად შეაფასეს დამკვირვებლებმა.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კეიკო ფუჯიმორიმ თქვა, რომ შედეგებს მიიღებს.

"სიმართლე მაინც გამოაშკარავდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში ლეგიტიმურობა დავაბრუნოთ". – თქვა ფუჯიმორიმ.

კეიკო ფუჯიმორი ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუჯიმორის, შვილია. ალბერტო ფუჯიმორი 25-წლიან პატიმრობას იხდის კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

თავად კეიკო ფუჯიმორის წინააღმდეგ გამოძიება კორუფციისა და ფულის გათეთრებისთვის მიმდინარეობს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

კომენტარები