პრაიდის კვირეული

LE FIGARO: 5-6 ივლისის ძალადობა მართული იყო მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ

დემონსტრანტი პოსტერით - "ეს მთავრობა დამნაშავეა საქართველოს დემოკრატიულ დაღმასვლაში". 17 ივლისი.
ირაკლი გედენიძე/Reuters

ფრანგული გაზეთი Le Figaro საქართველოში მომხდარ 5-6 ივლისის მოვლენებს 19 ივლისის ნომერში ეხმაურება

საქართველოში ხელისუფლება ძალადობის შემდეგ გამოჩნდა

საქართველოში ოპოზიცია გმობს მთავრობის დიდ როლს 5 ივლისს ძალადობრივ საპროტესტო გამოსვლებში ლგბტქ-ს მსვლელობის ჩატარების წინააღმდეგ.

ეს არ ყოფილა უბრალო ბრბო. მრავალი სამხილით ჩანს, რომ ძალადობა, რომელიც თბილისის ცენტრში 5-6 ივლისს მოხდა, ანტიჰომოსექსუალური პოგრომების სახითა და დასავლეთის სიმბოლოებზე თავდასხმით, იყო ორგანიზებული და მართული მთავრობასთან კავშირში მყოფი პატარა ჯგუფების მიერ. მიუხედავად ამისა, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცია, აღწერს ამ მოვლენებს როგორც საზოგადოების რეაქციას, როდესაც "მოსახლეობის 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების".

ეს საკითხი აღემატება სექსუალურ ტოლერანტობას. ის გახდა გეოპოლიტიკური მარკერი მას შემდეგ, რაც 2012 წელს პუტინი კონსერვატიზმისკენ მიბრუნდა.

„არცერთი საზოგადოებრივი კვლევა არ ადასტურებს, რომ მოსახლეობის 95% ლგბტ-ს წინააღმდეგია. ჩვენს კვლევაში, მაგალითად, 44% იძახის, რომ წინააღმდეგია ჰომოსექსუალების უფლებების დაცვის“. - ამბობს კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

„5-6 ივლისს ათობით ვიდეოდან მიღებული ინფორმაცია  ადასტურებს, რომ ეს ძალადობა იქნა ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ, რომლებიც კარგად გვიცნობენ და რომელთაც რეგულარულად იყენებს ხელისუფლება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინებისთვის “. – გვეუბნება ანონიმური სანდო წყარო.

მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს კოკა მორგოშია, ულტრა-ნაციონალისტური პლატფორმის, ალტ-ინფოს თანადამფუძნებელი, რუსეთთან დაახლოებული პირისა და ბიზნესმენის, ლევან ვასაძის თანამოაზრე, როგორ მოუწოდებს ბრბოს სხვადასხვა მიმართულებით წასვლისკენ. „მინდა, რომ 500-600 წამომყვეთ მათი ოფისისკენ“. – ამბობს ის მიკროფონში და მოუწოდებს ხალხს, დაიძრან სირცხვილიას ოფისისკენ, რომელსაც უნდოდა „ღირსების მარშის“  5 ივლისს ჩატარება.

2013 წლის მაისის გამოცდილების მიხედვით, ყველამ იცოდა, რომ ამ ოფისს თავს დაესხმებოდნენ, მაგრამ "შენობას მხოლოდ ერთი პოლიციელი იცავდა" - ამბობს მირანდა ბაღათურია, ოპოზიციური არხის, TV პირველის ჟურნალისტი. "მე და ჩემი ოპერატორი, ლექსო ბოლო ვიყავით, ვინც შენობას ვტოვებდით, როდესაც შენობაში რადიკალური ჯგუფების 60-მდე წევრი შემოიჭრა. ისინი ლექსოს მისცვივდნენ, 15 წუთი სცემდნენ და თავში ურტყამდნენ. მე თმა მომქაჩეს და მითხრეს, როგორც ჟურნალისტს, სამუდამოდ მომეკეტა". – ამბობს მირანდა ბაღათურია.

6 დღის შემდეგ 36 წლის ლექსო ლაშქარავა, გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ  ბინაში. მთავრობამ ექსპერტიზის შედეგებამდე თქვა, რომ მაღალი ალბათობით, ის ზედოზირებით მოკვდა. ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზა სურდა, თუმცა პოლიციამ ცხედარი წაიღო.

ამ ძალადობის შემდეგაც მხოლოდ 20-მდე ადამიანი დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოებში მარტივია  მათი იდენტიფიცირება. პოლონელი ტურისტი, რომელსაც მისდა "სამწუხაროდ" საყურე ეკეთა,  5 ივლისს ოთხჯერ დაჭრეს.

იმის გარდა, რომ ეს იყო სიძულვილის გამოვლინება იმ პატარა ჯგუფების მიმართ, რომლებიც საქართველოში მეტ სექსუალურ ტოლერანტობას ითხოვდნენ, "5 ივლისის განზრახული სამიზნე დასავლეთი იყო", ამბობს გიგა ბოკერია, ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი. "ევროპის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს, დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი და ეს ყველაფერი ოლივერ ვარჰელის (ევროკომისიის წევრი სამეზობლოსა და გაფართოებაში) ვიზიტამდე ორი დღით ადრე. ამას გარდა, დანიშნეს უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე, რაც სრული დარღვევაა ქართული ოცნების დადებული პირობების, რომლებიც აპრილში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ეს ყველაფერი მოხდა იმ რიტორიკის ფონზე, რომელიც პუტინის პროპაგანდაა სუვერენული დემოკრატიისა და პიროვნული თავისუფლებების წინააღმდეგ, რაც ჩვენი იდენტობისთვის საფრთხეს წარმოადგენს". – დაამატა ოპოზიციონერმა.

 

ევროპული მედიაცია

შარლ მიშელმა [საქართველოს] შესთავაზა მედიაცია იმ კრიზისის დასასრულებლად, რომელშიც ქვეყანა ბოლო ორი წელია ჩათრეული. ის 2019 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამზე დაჯდა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ანსამბლეის ფარგლებში. ამ ჟესტმა გამოიწვია გაღიზიანების ტალღა ქვეყანაში, რომლის 20% 2008 წლის კანონის მიხედვით "ოკუპირებულია" რუსეთის მიერ. ეს უფრო თვალშისაღები გახდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

რათა ოპოზიციას ადგილები დაეკავებინა, შარლ მიშელმა იშუამდგომლა შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც მთავრობამ ამნისტია უნდა გამოუცხადოს პოლიტიკურ პატიმრებს, გაატაროს საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და დაინიშნოს ნაადრევი არჩევნები, თუკი 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს აიღებს. "5-6 ივლისის ძალადობები, შესაძლოა, ოქტომბრისთვის 43%-ის შენარჩუნებისთვის მთავრობის მიერ იყოს პროვოცირებული" – ამბობს ჩვენი ქართული სანდო წყარო. "მაგრამ იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს შესაძლოა იყოს ივანიშვილის მცდელობა, დააბრუნოს ქვეყანა რუსული გავლენის ქვეშ, ან, მინიმუმ, ზურგი აქციოს დასავლეთს ვითომდა ეროვნული ღირებულებების დაცვის სახელით". და ამატებს: "20 წლის განმავლობაში, არც ერთი რუსი ოლიგარქი, ან ის, ვინც სიმდიდრე რუსეთში მოიპოვა, კრემლის კონტროლს ვერ გაქცევია". 

წერია ჟურნალისტი რეგის ჟენტეს სტატიაში. 

კომენტარები