მოსამართლეების დანიშვნა

დეგნანი ოცნებაზე: ნებისმიერმა იურისტმა იცის, როცა ხელს აწერ შეთანხმებას, ეთანხმები პირობებს

"ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ, როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასშია გაწერილი". - აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მმართველ პარტიას მიმართავს და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც მოიაზრებს უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას.

"19 აპრილის შეთანხმებაში ცხადად და აშკარად არის მითითებული, რომ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, ვიდრე არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, რომელიც მოგვიტანს სასამართლოს სისტემის ამბიციურ რეფორმას. არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. 19 აპრილის შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ მაქვს ინფორმაცია არანაირ გვერდით შეთანხმებებსა თუ ვერბალურ შეთანხმებაზე, მხოლოდ ის ვიცი, რაც წერია დოკუმენტში, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერებმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს 19 აპრილს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები პირობებს, რომლებიც მასშია გაწერილი." – თქვა კელი დეგნანმა.

უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-სგან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

უზენაესი მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.

საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი 
  • გიორგი გოგიაშვილი – 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი
  • ლევან თევზაძე – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • რევაზ ნადარაია  – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • ბიძინა სტურუა – 78 მომხრე, 6 წინააღმდეგი 
  • ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, გიორგი შავლიაშვილს, ქეთევან მესხიშვილს.

განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტეს ნაწილს. 

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები