მკვლელობა რუსთავში

რუსთავში კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, მომხდარზე პოლიციამ 2 მოქალაქე დააკავა

Tabula

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით, ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი დაჭრა, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს, ამ დროისთვის, შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი – 2001 წელს დაბადებული ნ.დ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ.

უწყების ცნობით, ნ.დ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, გ.ჩ.-ს კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები