მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

პირველი მილიარდერი დედამიწის მიღმა – რიჩარდ ბრანსონი კოსმოსში გაფრინდა [VIDEO] 

70 წლის ბრიტანელი მეწარმე, სერ რიჩარდ ბრანსონი პირველი მილიარდერია, რომელმაც დედამიწის ორბიტა წარმატებით დატოვა და კოსმოსში საკუთარი კომპანიის, Virgin Galactic-ის ხომალდით გაფრინდა

ისტორიული მისია გუშინ, 11 ივლისს შედგა, როდესაც ბრანსონის ხომალდი, რომლის ბორტზეც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, დედამიწას 85 კილომეტრით დაშორდა. 

ბრანსონის თქმით, ეს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტი იყო. 

"ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ მომენტზე, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, ვერაფერი შეედრება კოსმოსიდან დანახულ დედამიწას. მთელი მოგზაურობა უბრალოდ ჯადოსნური იყო". – თქვა მან დაბრუნების შემდეგ პრესკონფერენციაზე.  

Virgin Galactic-ის მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარება და ახალ ბაზარზე პირველობის მოპოვებაა, ამჟამად კონკურენციაში ათეულობით საერთაშორისო კომპანიაა ჩართული, მათ შორის: ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი და ილონ მასკის SpaceX-ი. 

Blue Origin-ის რაკეტისგან განსხვავებით, Virgin Galactic-ი ტრადიციული თვითმფრინავის მსგავს სისტემას იყენებს, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: 

პირველი ორძრავიანი "დედა ხომალდია", რომელსაც კოსმოსური შატლი საჭირო სიმაღლემდე და სიჩქარემდე მიჰყავს.  

მეორე კი შედარებით მცირე ზომის, ზებგერითი ძრავის მქონდე ხომალდია, რომელიც ტოვებს დედამიწის ორბიტას და მის ბორტზე მგზავრები იმყოფებიან. 

კოსმოსურ ხომალდს ხმელეთიდან დამოუკიდებლად აფრენა არ შეუძლია, რადგან მისი ძრავი მხოლოდ მაღალ სიჩქარეზე მუშაობს, თუმცა კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ ავიაბაზაზე ის დამოუკიდებლად ეშვება. 

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ეს ისტორიული მისია კოსმოსური ტურიზმის ოფიციალური დასაწყისია. 

Unity 22-ის კვლევასა და განვითარებაზე თითქმის 17 წელი და რამდენიმე მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც კოსმოსურ ტურიზმს საკმაოდ ძვირადღირებულ ინდუსტრიად აქცევს. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის კოსმოსში გაფრენის ერთ-ერთი პირველი გეგმა Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს ჰქონდა. 

20 ივლისს ბეზოსი უნდა გამხდარიყო ისტორიაში პირველი მილიარდერი მეწარმე, რომელიც დედამიწას საკუთარი კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით დატოვებდა, თუმცა ბრანსონმა მას ზუსტად 9 დღით დაასწრო.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, Unity 22 მისიის გაშვება 2021 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ბრანსონის დაჟინებული მოთხოვნითა და სურვილით, დაესწრო ჯეფ ბეზოსისთვის, დარჩენილი სამუშაოები დაჩქარებული წესით შესრულდა და კოსმოსში გაშვების თარიღმა რამდენიმე თვით გადმოიწია.

ბრანსონი კოსმოსში, Virgin Galactic-ის ბორტზე.

 

კომენტარები