მე-10 მოწვევის პარლამენტი

პარლამენტის კომიტეტი 52 ოპოზიციონერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 9 ივლისის სხდომაზე 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. კომიტეტი დასკვნას უახლოეს სესიაზე წარადგენს.

პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ასეთია პარლამენტის 52 ოპოზიციონერი დეპუტატი, რომლებმაც არჩევნების შედეგების გამო, მეათე მოწვევის პარლამენტს რამდენიმეთვიანი ბოიკოტი გამოუცხადეს.  

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, მომხსენებელი ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციონერთა გაცდენები არასაპატიოა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თავად პარლამენტის დისკრეციაა.

აღსანიშნავია, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ რამდენჯერმე ითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა, ქართული ოცნების პარლამენტმა უარი უთხრა. გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის დიდი ნაწილი - ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, გირჩი და ევროპული საქართველოდან წასული დეპუტატები - პარლამენტში შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შევიდა. შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, პარტიიდან წასულმა, ამჯერად დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

კომენტარები