რამან პრატასევიჩის დაკავება

ლუკაშენკო ევროკავშირს საქონლის ტრანზიტის შეწყვეტით ემუქრება  

ალექსანდრ ლუკაშენკო
ფოტო: reuters.com

სანქციების საპასუხოდ, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს ბელარუსის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის შეწყვეტით დაემუქრა.

23 მაისს მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებისა და ბელარუსი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დაკავების გამო, ევროკავშირმა ბელარუსს და მისი მთავრობის წარმომადგენლებს რიგი სანქციები დაუწესა.

ბელარუსის მთავრობის სხდომაზე დასავლეთის მკაცრი რეაქცია "ომს" შეადარეს.

სატრანზიტო შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრებს ბელარუსის გავლით საქონლისა და ტვირთის გადატანა აეკრძალებათ. 

"პირველი: არცერთი ნაბიჯი ბელარუსის ბაზარზე; მეორე: არცერთი ნაბიჯი ბელარუსის გავლით". – თქვა ლუკაშენკომ.

მთავრობას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის შეიძლება დაწესდეს სატრანზიტო შეზღუდვები, ან კონკრეტულად რომელ ქვეყნებს შეეხება ის.

ლუკაშენკოს მოთხოვნით, მკაცრი შეზღუდვები უნდა დაუწესდეს გერმანიას.

"დაე თავიანთი პროდუქტები ჩინეთსა და რუსეთს ფინეთის ან უკრაინის გავლით მიაწოდონ". – თქვა მან.


ივნისში ევროკავშირმა აშშ-სთან და კანადასთან ერთად ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. ისინი ლუკაშენკოს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სანქიციები დაკავშირებულია ბელარუსი ჟურნალისტის და აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავებასთან.

ევროკავშირმა ბელარუსის 78 ოფიციალურ პირსა და კომპანიას სანქციები მოგზაურობაზე შეზღუდვითა და ანგარიშების გაყინვით დაუწესა. სანქციები შეეხო ბელარუსის თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს, ასევე საჰაერო ძალების მეთაურს. 

ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული. პრატასევიჩი და საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.


რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები