პრაიდის კვირეული

ბოკერია: მნიშვნელოვანია ეს შეკრება, გამოჩნდეს, რომ მომავალს და თავისუფლებას არ დავთმობთ

გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, ალბათ, ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე დღე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მომავლისთვის და ეს არ გამოიხატება მხოლოდ პირდაპირ ძალადობაში, აქ მთლიანი სურათი იყო, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, რომ ამ ქვეყანაში არიან ძალები, და მთავრობა და ივანიშვილის რეჟიმი არის ამ ძალების სათავეში, რომელიც მზად არის, ძალაუფლებისთვის შეეკრას პუტინისტურ მოძალადე ჯგუფებს, დააორგანიზოს ეს ძალადობა და სიძულვილი და ამ ჭაობში ჩაახრჩოს ეს ქვეყანა და მისი ყველა მოქალაქე და არამხოლოდ ერთი, მისი ყველაზე უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტადაა საფრთხეში, ყველა ჩვენგანს გამოუცხადეს ომი გუშინ უტიფარი, სასტიკი, სამარცხვინო ფორმით.

ჩვენ გარე მტერი გვყავს პუტინის რუსეთი, რომელიც არის მემკვიდრე, ალბათ, მსოფლიოს ახალ ისტორიაში ყველაზე უფრო საშიში ტირანიის, საბჭოთა კავშირის, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, მომავალი, ბედნიერება და შანსი მოსპო. ამ ტირანიის ეს მემკვიდრე დღესაც ჭაობში ჩახშობას უპირებს ადამიანების ბედნიერებას საკუთარი ქვეყნის შიგნით და ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი. ამის დამატებით გამოწვევა გვაქვს, რომ საკუთარი ქვეყნის შიგნით გვყავს არამხოლოდ ჯგუფები, ვინც ამ საქმეს აკეთებს, არამედ მთავრობა, რომელიც ამას აორგანიზებს და მზად არის, რომ შესწიროს ჩვენი მომავალი ამას. 

ამიტომ, დღევანდელი შეკრებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოჩნდეს, რომ ამ ქვეყანაში არიან მოქალაქეები, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენს თავისუფლებას და ყველა ადამიანის და ჯგუფის თავისუფლებას არ დათმობს, მაგრამ ეს ერთი შეკრება საკმარისი არ იქნება. ეს არ არის ერთდღიანი ბრძოლა, თუ არ გვინდა, რომ როგორც 1921 წელს მოხდა, როცა ათწლეულობით თაობების შანსი შეეწირა ბედნიერებისკენ სწრაფვას, როცა გარე მტერმა დაგვიპყრო და სისხლში ჩაახშო ჩვენი თავისუფლება. ახლა თუ არ გვინდა ეს მოხდეს, უნდა ვიყოთ თავისუფლების რწმენით, მოთმინებით, ნებისყოფით, ბრძოლით და ეს ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ. 

ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც ყველა მოქალაქის, ჩვენთვის მიუღებელი აზრის მქონე მოქალაქეების თავისუფლებასაც იცავს. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამართულ აქციაზე ისაუბრა. პარლამენტთან 6 ივლისს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც 5 ივლისს Tbilisi Pride-მა ღირსების მარშის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან სამართალდამცველებმა პუტინისტურ ჯგუფებს თავისუფლად თარეშის უფლება მისცეს, რომლებიც თავს დაესხნენ 54 მოქალაქეს და მათგან 53 ჟურნალისტს, დაარბიეს კარვები და ოფისები. 

კომენტარები