ავღანეთი

ტაჯიკეთი-ავღანეთის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, პუტინი ტაჯიკეთს დახმარებას ჰპირდება

Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტაჯიკეთს, ავღანეთის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, დახმარებას დაჰპირდა. ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ დაჯგუფება თალიბანმა სახელმწიფო ძალების წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა.

ვლადიმირ პუტინი ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონს ტელეფონით ესაუბრა. კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პუტინმა საუბრის დროს დაადასტურა მზაობა, დაეხმაროს ტაჯიკეთს როგორც პირდაპირ, ასევე რეგიონული უსაფრთხოების ორგანიზაციის, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მეშვეობით.

"დეტალურად არის განხილული რთული სიტუაცია ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე, მათ შორის სასაზღვრო ზონაში, შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციით არის განპირობებული. ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა მზაობა, აღმოუჩინოს ტაჯიკეთს საჭირო მხარდაჭერა როგორც ორმხრივ გეგმაში, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორაგანიზაციის ფარგლებში". – ნათქვამია განცხადებაში.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრები, ტაჯიკეთისა და რუსეთის გარდა, არიან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი და სომხეთი. წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან, საფრთხის არსებობის შემთხვევაში ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.

ტაჯიკეთის ტერიტორიაზე რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ მისი ყველაზე დიდი სამხედრო ობიექტია. ბაზა 2004 წელს შეიქმნა და, ორივე მხარის შეთანხმების ფარგლებში, ტაჯიკეთში 2042 წლამდე იქნება განლაგებული.

4-5 ივლისს ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა ბადახშანის პროვინციაში, რომელიც ტაჯიკეთს ესაზღვრება. ტაჯიკური მედიის ცნობით, თალიბანმა დაიკავა ბადახშანის პროვინციის ხვაჰანის, შეკაის, ნუსაის, მაიმაის, შეღნანისა და სულთან იშკაშიმის რაიონები. 

შეტაკებების შემდეგ, უკან დახევის დროს, სხვადასხვა რაიონებიდან ავღანეთის სამთავრობო ძალების 1037-მა სამხედრომ საზღვარი გადაკვეთა და თავი ტაჯიკეთს შეაფარა. ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალებმა ავღანელი სამხედროები ქვეყანაში შეუშვეს. ამჟამად საზღვარზე სიტუაციას ტაჯიკეთის ძალები აკონტროლებენ.

კომენტარები