ავღანეთი

თალიბანთან შეტაკების შემდეგ, 1037-მა ავღანელმა სამხედრომ თავი ტაჯიკეთს შეაფარა

4-5 ივლისს ავღანეთის სამთავრობო ძალებსა თალიბანს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა ბადახშანის პროვინციაში, რომელიც ტაჯიკეთს ესაზღვრება. ტაჯიკური მედიის ცნობით, თალიბანმა დაიკავა ბადახშანის პროვინციის ხვაჰანის, შეკაის, ნუსაის, მაიმაის, შეღნანისა და სულთან იშკაშიმის რაიონები. 

შეტაკებების შემდეგ, უკან დახევის დროს, სხვადასხვა რაიონებიდან ავღანეთის სამთავრობო ძალების 1037-მა სამხედრომ საზღვარი გადაკვეთა და თავი ტაჯიკეთს შეაფარა. ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალებმა ავღანელი სამხედროები ქვეყანაში შეუშვეს. ამჟამად საზღვარზე სიტუაციას ტაჯიკეთის ძალები აკონტროლებენ. 

26 ივნისის შემდეგ, ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალები სპეციალურ რეჟიმზე არიან გადასული. ამას გარდა, ორშაბათს, 5 ივლისს ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ავღანეთის საზღვართან დამატებით 20 000 რეზერვისტი გაგზავნა. აქამდე, 23 ივნისს მსგავსი შეტაკებების შემდეგ ტაჯიკეთში 134 ავღანელი სამხედრო გადავიდა

26 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის, თეთრ სახლში შეხვდა.

"ავღანელებს თვითონ მოუწევთ, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, თუ რა სურთ. უგუნური ძალადობა უნდა შეწყდეს". – თქვა შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ აშშ ავღანეთის დახმარებას არ შეწყვეტს. 

პარალელურად, ავღანეთში დაძაბული სიტუაციაა და თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

აშშ-მ უკვე დატოვა ავღანეთში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა.

კომენტარები