პუტინისტების მიერ ნაცემ პალიტრანიუსის ოპერატორს, ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება.
ნიუ ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის თქმით, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.
"აქციის ადგილიდან ოთხი პირია მოყვანილი, ამათგან ერთ ადამიანს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება და კლინიკიდან უკვე წასულია.
ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლების მოტეხილობით, საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტია ჯერჯერობით კვლევის სტადიაში.
ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ერთი ადამიანი იმყოფება საოპერაციოში ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო უტარდება ოპერაცია". – ამბობს ექიმი.
პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.