პრაიდის კვირეული

ბრიტანეთის საელჩო: ძალადობა LGBTI+ თემზე, თავდასხმა ჟურნალისტებზე აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში თბილისში განვითარებულ მოვლენებს და პუტინისტი ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს გამოეხმაურა.

"ვაკვირდებით მოვლენებს თბილისში. ძალადობა, მუქარა LGBTI+ თემის მიმართ და თავდასხმა ჟურნალისტებზე აზიანებს ქვეყნის ტოლერანტულ სტუმართმოყვარე რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავიდან აირიდოს შემდგომი ძალადობა და კონსტიტუციის შესაბამისად დაიცვას მოქალაქეების  ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები". – წერს დიდი ბრიტანეთის საელჩო Twitter-ზე.

დილიდან რუსთაველის გამზირზე პუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ, ადგილზე მივიდნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ,  პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ. მოძალადეები ახლაც ქალაქის ქუჩებში დადიან, მანქანებს ქვებს ესვრიან, მათ გაეროს ოფისში შეჭრაც სცადეს. პოლიციამ არავინ დაუკავებია.

პუტინისტური ჯგუფების და საპატრიარქოს ქმედებების გამო, თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიება – ღირსების მარში დღეს აღარ გაიმართება. მათი შეფასებით, "ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა". 

კომენტარები