კანადა

კანადის პროვინციაში, ბრიტანულ კოლუმბიაში 130-ზე მეტ ხანძარს ებრძვიან

კანადის პროვინციაში, ბრიტანულ კოლუმბიაში 130-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის ნაწილი მეხის დაცემამ გამოიწვია. ბრიტანული კოლუმბიის ტყის ხანძართან ბრძოლის სამსახურმა მეხის დაცემის 12 000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა. ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს.

ხანძარმა მთლიანად გაანადგურა სოფელი ლიტონი. სოფლის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების სასწრაფოდ დატოვება მოუწია.

სოფლის მერის, ჯონ პოლდერმანის თქმით, დაახლოებით 15 წუთში ცეცხლი მთელ სოფელს მოედო.

კანადის თავდაცვის მინისტრის, ჰარჯიტ საჯანის თქმით, მთავრობა პროვინციის დასახმარებლად და ხანძართან გასამკლავებლად სამხედრო ვერტმფრენებსა და სამხედროებს გაგზავნის.

ხანძრებმა რამდენიმე მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვა გამოიწვია. საზოგადოების უსაფრთხოების მინისტრის, ბილ ბლეარის შეფასებით, სიცხესა და ხანძრებს გამანადგურებელი და უპრეცედენტო გავლენა აქვს ბრიტანულ კოლუმბიაზე.

გარდა ამისა, კანადაში მკვეთრად გაიზარდა მოულოდნელი სიკვდილის რიცხვი, რასაც, ძირითადად, რეკორდულ ტემპერატურის მატებას უკავშირებენ. 2 ივლისის მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში 719 მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა - რაც 3-ჯერ მეტია, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. 

კანადის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრო დასჭირდება იმის დადგენას, თუ რა იყო სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზი, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სიცხემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 

კომენტარები