კანადა

კანადაში რეკორდულ სიცხეს, სავარაუდოდ, 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში მკვეთრად გაიზარდა მოულოდნელი სიკვდილის რიცხვი, რასაც ძირითადად რეკორდულ ტემპერატურის მატებას უკავშირებენ.

პარასკევის მონაცემებით ერთი კვირის განმავლობაში 719 მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა - რაც 3-ჯერ მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. 

კანადის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრო დასჭირდება იმის დადგენას, თუ რა იყო სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზი, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სიცხემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 

"სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა იმ ხანდაზმულთა შორის, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ და არ ჰქონდათ კონდიციონერი". - ამბობენ უწყებაში. 

კანადაში უმეტესობას კონდიციონერი არა აქვს, ვინაიდან აქამდე ამის საჭიროება არ არსებობდა.

ხუთშაბათს, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის უფროსმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რადგან სასწრაფო დახმარების გამოძახებისას, ადამიანებს საათობით უწევდათ ლოდინი. 

მეორე მხრივ, მაღალმა ტემპერატურამ ხელი შეუწყო ხანძრების წარმოქმნასაც, ბოლო პერიოდში ხანძრის 136 ფაქტი დაფიქსირდა. 

ხუთშაბათს კანადაში რეკორდული, 49.6 გრადუსი დაფიქსირდა. იქამდე კანადაში ტემპერატურა არასდროს ყოფილა 45 გრადუსზე მეტი. 

კომენტარები