დონალდ ტრამპი

ტრამპის ორგანიზაციის ფინანსისტი ალენ ვეისელბერგი პროკურორებს ბრალის წარდგენამდე ჩაბარდა

ალენ ვეისელბერგი
The New York Times

დონალდ ტრამპის ორგანიზაციის ფინანსური ოფიცერი ალენ ვეისელბერგი მანჰეტენის ოლქის პროკურორის ოფისს ბრალის წაყენებამდე ჩაბარდა. მოსალოდნელია, რომ ვეისელბერგს და კომპანიას ბრალდებას დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ ალენ ვეისელბერგის ადვოკატი CNN-ს ესაუბრა.

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ ბრალდების ოქმი გუშინ, 30 ივნისს შეადგინა და ის, სავარაუდოდ, დღეს გასაჯაროვდება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა ბრალს წაუყენებენ დონალდ ტრამპის კომპანიასა და მის აღმასრულებელ ფინანსისტს.

პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპთან დაკავშირებით რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტრამპის ორგანიზაციას ბრალს წაუყენებენ, იმ პერიოდთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, რომელიც კომპანიის სათავეში თავად დონალდ ტრამპის ყოფნის დროს მოხდა.

ვეისელბერგის ადვოკატის ცნობით, მოსალოდნელია, რომ თავად დონალდ ტრამპს ბრალდებებს არ წაუყენებენ.

ტრამპის ორგანიზაციის საბრალდებო აქტი ორ წელზე უფრო ხანგრძლივი გამოძიების შედეგია, რომელსაც ოლქის პროკურორი საირუს ვანს უმცროსი უძღვებოდა. გამოძიება რომელიც თავდაპირველად დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის მაიკლ კოენის მიერ ქრთამის მიცემის ეჭვებთან დაკავშირებით დაიწყო, დონალდ ტრამპის საგადასახადო დოკუმენტების მოთხოვნაში გადაიზარდა.

როგორც CNN-ი წერს, იმ ადვოკატების თქმით, რომლებიც გადასახადებისგან თავის არიდების საქმეებში სპეციალიზდებიან, იშვიათია, რომ პროკურორებმა კომპანიას არაფულად სარგებელზე გადასახადების არგადახდის გამო წაუყენონ ბრალი.

გამოძიების განმავლობაში პროკურორებმა შესაძლო დარღვევების ფართო სპექტრი გამოიკვლიეს, თუმცა ბოლო თვეებში გამოძიება დავიწროვდა და არაფულად სარგებელზე გადასახადებზე კონცენტრირდა. კონკრეტულად კი ალენ ვეისელბერგზე, კომპანიის ტოპ აღმასრულებელზე, რომელიც ტრამპისთვის 1973 წლიდან მუშაობდა.

გასული წლის დასაწყისში პროკურორები ვეისელბერგთან დაკავშირებულ სამხილებს მისი ყოფილი რძლის ჯენიფერ ვეისელბერგის დახმარებით აგროვებდნენ. გამოძიებასთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მან პროკურორებს ფინანსური ანგარიშები გადასცა და გამომძიებლებს რამდენჯერმე შეხვდნენ.

კომენტარები