ჩინეთი

AP: ჩინეთმა ვაქცინის შეჩერების მუქარით უკრაინა აიძულა, უიღურებზე განცხადებას არ შეერთებოდა

MEM

ჩინეთმა ჩინური ვაქცინების მიწოდების შეჩერების მუქარით უკრაინა აიძულა, სინძიანგის რეგიონში დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეშვების მოთხოვნის მხარდაჭერა გაეწვია. ინფორმაციას Associated Press-ი დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ინიციატივა, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს, კანადამ გასულ კვირას გაეროში ადამიანის უფლებების საბჭოზე წარადგინა. განცხადება ჩინეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუშვას დამოუკიდებელი დამკვირვებლები სინძიანგში. ადამიანის უფლებების ჯგუფების ცნობით, სინძიანგში სისტემატურად ირღვევა ეთნიკური უმცირესობის, უიღურების უფლებები.

თავდაპირველად უკრაინამ განცხადებას მხარი დაუჭირა, თუმცა მოგვიანებით მხარდაჭერა უკან წაიღო. როგორც AP წერს, ორი დასავლური ქვეყნის დიპლომატი ამბობს, რომ ჩინეთმა კიევი გააფრთხილა, თუ ინიციატივის მხარდაჭერას არ გაიწვევდნენ, ჩინეთი უკრაინას ვაქცინის 500 000 დოზას აღარ მიაწოდებდა. AP-ს თანახმად, დიპლომატები გამოცემას ანონიმურად ესაუბრნენ, რადგან საჯაროდ საკითხის განხილვის ნებართვა არ აქვთ. 

უკრაინა ჩინეთთან Sinovac Biotech-ის წარმოებული 1.9 მილიონი დოზა CoronaVac/Sinovac-ის შესყიდვაზეა შეთანხმებული. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ცნობის თანახმად უკრაინამ უკვე მიიღო ვაქცინის 1.2 მილიონი დოზა.

ჩინურ და უკრაინულ მხარეებს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

AP აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს სესიის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში აქვთ უფლება, მხარი დაუჭირონ განცხადებებს ან რეზოლუციებს. მიმდინარე სესია 13 ივლისამდე გაგრძელდება.


უიღურები ჩინეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, რომელთა ძირითადი ნაწილი ისლამის მიმდევარია. მათი უმეტესობა სინძიანგის რეგიონში ცხოვრობს.

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანმანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი "დემოგრაფიულ გენოციდსაც" კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

2020 დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

2021 წლის დასაწყისში ჩინეთში ეთნიკური უმცირესობების წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების ახალი ფაქტები გავრცელდა.

კომენტარები