კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე ჯარიმების გაუქმებაზე: ერთჯერადი აქტი იყო, ამის გამო არ უნდა გავთამამდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების გაუქმება მთავრობის მხრიდან ერთჯერადი აქტი იყო და "არ უნდა გავთამამდეთ". ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ZOOM-ში გამართულ ვებინარზე ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, ეს ერთჯერადი აქტი იყო მთავრობის მიერ გაცხადებული. ეს გარკვეული შეღავათი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც დაჯარიმდა და მოეხსნათ ახლა ეს ჯარიმა და მათთვის სერიოზული შეღავათია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის გამო ჩვენ არ უნდა გავთამამდეთ. ეს გახლავთ ერთჯერადი, ამიტომ, არავის გვინდა, რომ აკრძალვები კიდევ დაწესდეს ქვეყანაში, მაგრამ, თუ ამის აუცილებლობა გახდა, რა თქმა უნდა, მერე ეს ნაკლები ალბათობით გამეორდება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

24 ივნისს, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნებათ.

ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ, დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმას.


18 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტმა პარლამენტს მიმართა, გამოეცხადებინათ ამნისტია, რომელიც მოიცავდა Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ჯარიმა 20 ლარია, კარანტინის, იზოლაციისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო კი მოქალაქე 2 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. 

კომენტარები