კორონავირუსი საქართველოში

კანონპროექტით, პირები რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლდებიან

Mzia Saganelidze / (RFE/RL)

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნებათ.

"დღეს პარლამენტს წარედგინა 2 კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება, დაახლოებით, 245 000ზე მეტი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი". - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ, დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმას.

"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის პერიოდში, კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და ძალიან რთული იყო 2020 წელი. აღნიშნული სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი.  

ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკითხი ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოზე განიხილა და ინიციატივას უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ.  

18 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტმა პარლამენტს მიმართა, გამოეცხადებინათ ამნისტია, რომელიც მოიცავდა Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ჯარიმა 20 ლარია, კარანტინის, იზოლაციისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო კი მოქალაქე 2 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. 

კომენტარები