კორონავირუსი და შეზღუდვები

გირჩი – მეტი თავისუფლება: რეგულაციების დარღვევისთვის გადახდილი თანხა დაუბრუნდეს ყველას

გირჩი

გირჩი - მეტი თავისუფლება მოითხოვს ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს რეგულაციების დარღვევისთვის გადახდილი თანხა. ამის შესახებ განცხადებას პარტიის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ.

"თანხა უკან არ დაუბრუნდება მათ, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, რაც ცალსახად უსამართლოა, რადგან მოქალაქეების დიფერენცირებას ახდენს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმით – სახდელს აპატიებს მათ, ვისაც ის ჯერ არ გადაუხდია (არ აპირებდა, ან ვერ მოასწრო) და არ აპატიებს მათ, ვინც მათივე რეგულაციის მოთხოვნა პირნათლად შეასრულა და დაკისრებული ჯარიმები გადაიხადა.

მოვითხოვთ, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ადმინისტრაციული სახდელის სრული ოდენობა". – წერია განცხადებაში.

24 ივნისს, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნებათ.

ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ, დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმას.


18 ივნისს თავისუფლების ინსტიტუტმა პარლამენტს მიმართა, გამოეცხადებინათ ამნისტია, რომელიც მოიცავდა Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო ჯარიმა 20 ლარია, კარანტინის, იზოლაციისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო კი მოქალაქე 2 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. 

კომენტარები