სასამართლო რეფორმა

ოქრიაშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციას, თუ მოსამართლეთა დანიშვნა დაიწყება, დავტოვოთ პარლამენტი

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის არშეჩერებას გამოეხმაურა. ოქრიაშვილის თქმით, ქართული ოცნება გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უკვე სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმასაც აყალბებს.

"გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ  ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას. მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური. შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას". – ამბობს ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილის თქმით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დაწყების შემთხვევაში ის შეუერთდება ოპოზიციის ნაწილს და დატოვებს პარლამენტს.

"ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში". – თქვა ოქრიაშვილმა
 

კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას გამოეხმაურა. აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პირობა, რომელიც პოლიტიკურმა ლიდერებმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით დადეს. დეგნანი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს რეფორმების გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას.

უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.
 

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსაამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები