სასამართლო რეფორმა

კახიშვილი დეგნანზე: ვიმედოვნებ, მითითების ტონი არ იყო, უბრალოდ რეკომენდაციის ტონი იყო

კახა კახიშვილი
საქართველოს პარლამენტი

"ვიმედოვნებ, რომ მითითების ტონი არ იყო, უბრალოდ იყო რეკომენდაციის ტონი". – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, კახა კახიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის სიტყვებს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

"მხოლოდ იმიტომ, რომ ელჩმა ასე ბრძანა და უალტერნატივოდ აღარ უნდა განვიხილოთ, მე არ მიმაჩნია ეს სწორად. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ სასამართლოს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ელჩის ჭკუაზე ივლის ქვეყანა? შეიძლება რეკომენდაცია გასცე, მაგრამ ასეთი მითითებები, სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა ჩემთვის გაურკვეველია.

ვიმედოვნებ, რომ მითითების ტონი არ იყო, უბრალოდ იყო რეკომენდაციის ტონი და მე მეტსაც გეტყვით, რომ დღეს წინაპირობა იმის, რომ გითხრათ, არა, გინდა თუ არა, ამ მოსამართლეებს განვამწესებთ, არ არსებობს უბრალოდ. დაველოდოთ მოვლენებს, შემოვა ეს სია, შეიძლება საერთოდ არ უყაროს კენჭი პარლამენტმა ამ საკითხს, შეიძლება საერთოდ არც მივიდეს განხილვამდე". – თქვა კახიშვილმა ფორმულას ეთერში.

კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას გამოეხმაურა. აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პირობა, რომელიც პოლიტიკურმა ლიდერებმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით დადეს. დეგნანი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს რეფორმების გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას.


უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსაამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები