სასამართლო რეფორმა

პრემიერი მურუსიძეზე: სასამართლო გარდავქმენით, გვარებსა და პიროვნებებზე ნუ ვილაპარაკებთ

ირაკლი ღარიბაშვილი

"ათი წლის განმავლობაში ჩვენ სასამართლო ნოტარიუსის ოფისიდან გარდავქმენით რეალურ სასამართლოდ, დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სისტემად" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე შეახსენეს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების დროს დაინიშნა უვადო მოსამართლედ. სწორედ მის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.

ამაზე პრემიერმინისტრმა მედიას მოუწოდა, "პიროვნებებზე, გვარებზე ნუ ვილაპარაკებთ".

"ძალიან გთხოვთ, ძალიან ბევრი [მოსამართლე] არის თქვენ მხარეს და ყველგან. პიროვნებებზე არ შეიძლება, ეს არის შეურაცხყოფა პიროვნებების, ვილაპარაკოთ სისტემაზე, სისტემის გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე ვილაპარაკოთ, გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობაზე ვილაპარაკოთ" - თქვა ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ ევროკომისიის გაწერილი 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს. ერთერთი პირობა სწორედ სასამართლო რეფორმაა.

"მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებულია ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე.

უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ინსტიტუციური ჯაჭვის ნებისმიერ რგოლზე, ასევე უზრუნველყოფილი იქნას ძალაუფლების განაწილება.უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტების, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი, გამართული ფუნქციონირება და აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი ხარვეზი, მათ შორის ყველა დონის მოსამართლისა და გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენა.

განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" - წერია ევროკომიიის დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა საბჭომაც გაიზიარა. 

კომენტარები