სასამართლო რეფორმა

მოწოდებების მიუხედავად უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესს "ოცნება" არ შეაჩერებს

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური  შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში". 

"აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად - მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების წინააღმდეგ, რვიდან ოთხ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, ოპოზიციონერი პარლამენტარების ნახევარზე მეტს პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, ქართული ოცნება" არის და დარჩება შეთანხმების ერთგული და უზრუნველყოფს მის ჯეროვან განხორციელებას. როგორც ხედავთ, ქართული ოცნება ბოლომდე იცავს შეთანხმებას და გააგრძელებს ამ სულისკვეთებით და პრინციპით მოქმედებას". – ამბობს ირაკლი კობახიძე. 


კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას გამოეხმაურა. აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პირობა, რომელიც პოლიტიკურმა ლიდერებმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით დადეს. დეგნანი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს რეფორმების გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას.


უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსაამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

 

კომენტარები