მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ

მაგთიკომი: ვიწყებთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაკომპეტენტურობაზე საჯაროდ საუბარს

მაგთიკომი
მაგთიკომი

სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთიკომი საჯარო სივრცეში იწყებს კონკრეტული ფაქტების თემატურ წარმოჩენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაკომპეტენტურ ქმედებებზე, ვინაიდან ჯერ გაურკვეველია, როდის გაიმართება კომუნიკაციების კომისიის 2019 და 2020 წლების ანგარიშების განხილვა/მოსმენა საქართველოს პარლამენტში.

მაგთიკომის ახალ გაცხადებაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ამხელს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანასა და  გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამასთან ერთად, ის არ ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს. განცხადებას გთავაზობთ სრული სახით:

"2021 წლის 15 ივნისს მაგთიკომმა საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ასახული იყო მაგთიკომის საჯარო განცხადებები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით გაჯერებულ 2020 წლის ანგარიშზე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ქმედებებზე.

აღნიშნულმა ღია წერილმა ფართო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, დაგვიკავშირდნენ და გვიკავშირდებიან პარლამენტის წევრები, ფრაქციები, პოლიტიკური პარტიები, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან, ვინაიდან გაურკვეველია როდის გაიმართება კომუნიკაციების კომისიის 2019 და 2020 წლების ანგარიშების განხილვა/მოსმენა საქართველოს პარლამენტში და ვინაიდან ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის განხილვისას დეტალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი პოზიცია, დაპირებისამებრ ვიწყებთ საჯარო სივრცეში კონკრეტული ფაქტების თემატურ წარმოჩენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაკომპეტენტურ ქმედებებზე, კერძოდ, მსოფლიოში ათი საუკეთესო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის Deloitte-ის, KPMG-ის, BDO-ის, RSM-ის, Nexia-ს და Grant Thornton-ის პასუხები, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე:

www.magticom.ge/deloitte

www.magticom.ge/kpmg

www.magticom.ge/bdoandkalba

www.magticom.ge/rsm

www.magticom.ge/nexiata

www.magticom.ge/grantthornton

კომუნიკაციების კომისია არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან (MVNO) მიმართებაში და მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კომუნიკაციების კომისიამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156) მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ, რა დროსაც მას არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული აუცილებელი კვლევა. კომუნიკაციების კომისია უგულვებელყოფს ITU-ის (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის) მიერ აღიარებულ და დადასტურებულ კიბერუსაფრთხოების რისკებს და მისგან გამომდინარე შედეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაგთიკომმა არაერთხელ გააფრთხილა კომუნიკაციების კომისია არსებული რისკების შესახებ და ეს რისკები დადასტურებულ იქნა მსოფლიოში ექვსი საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადო კვლევა/ანალიზის/დასკვნის საფუძველზე, კომისიის მხრიდან დაუსაბუთებლად განხორციელდა მათი უარყოფა. ამ ფაქტების და კვლევების ფონზე, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები, თუ რა საჭიროა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილების ამოქმედება, განსაკუთრებით, იმ პერიოდში, როდესაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა, როგორც პანდემიის და მისი შედეგების, ასევე საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მხრივ. ამასთან, საქართველოში თითოეული მობილური აბონენტიდან საშუალო თვიური შემოსავალი 8.6 ლარია! რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, ხოლო საქართველოში მობილური ქსელის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამავე დროს, სამი მობილური ოპერატორიდან ორი წმინდა ზარალზეა...

შესაბამისად, გაუგებარია აღნიშნული გადაწყვეტილება რა მიზანს ემსახურება? იმას, რომ მომავალში ვერ განვვითარდეთ? თუ სხვამ დაგვიმონოს? თუ დაანგრიოს ქვეყნის ეკონომიკა, უსაფრთხოება და ყველაფერი ის, რაც აქამდე შექმნილა? აქედან გამომდინარე ჩნდება გონივრული ეჭვი ყოველივე ეს ვინმეს პირად ინტერესს ხომ არ უკავშირდება ან კომუნიკაციების კომისია ხომ არ არის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) მხარე? მაშინ, როდესაც მისი ვალდებულებაა იყოს დარგის ნეიტრალური არბიტრი". – ვკითხულობთ მაგთიკომის განცხადებაში.


9 ივნისს, კომპანია მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშს გამოეხმაურა და დოკუმენტს არაკომპეტენტური, ყალბი ინფორმაციით გაჯერებული უწოდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებასა და კომპანიების დისკრედიტაციას ემსახურება.

15 ივნისს სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთიკომმა საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართა. წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახაბერ კუჭავას, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით სონღულაშვილსა და პარლამენტის სხვა წევრებს მიემართება და კომუნიკაციის კომისიის ქმედებებზე რეაგირებას ითხოვს.

სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთიკომმა  16 ივნისს ახალი განცხადება გაავრცელა სახელწოდებით: მაგთიკომის განცხადება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე. მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას აკრიტიკებს და პირველ რიგში ამხელს არაგამჭირვალე საქმიანობაში. ამასთან ერთად, განცხადებაში მაგთიკომი საუბრობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მიერ ბიუჯეტის არაკეთილსინდისიერად განაწილებაზე. 

კომენტარები