მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ

მაგთიკომის განცხადება: კომუნიკაციების კომისია Fake ნიუსებს ავრცელებს

მაგთიკომი
მაგთიკომი

მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშს ეხმიანება და დოკუმენტს არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით გაჯერებულს უწოდებს. 

კომპანია განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებასა და კომპანიების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდების საფუძვლად მაგთიკომი რამდენიმე მაგალითს განიხილავს. ჩვენ რამდენიმე მათგანს უცვლელად გთავაზობთ:

  • "კომისია (2020 წლის ანგარიშის გვ. 15) ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების საჭიროებას ITU-ს რეკომენდაციით "ამყარებს" და აცხადებს, რომ თუ საოპერაციო მარჟა 25%-ზე მაღალია, ეს ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების საჭიროებას აჩენს. ტყუილთან გვაქვს საქმე, რადგან რეკომენდაცია, რაზეც კომისია აპელირებს, არ არის კავშირში ITU-სთან, ეს არის 20 წლის წინანდელი დოკუმენტი, რომელიც გამოაქვეყნა ფიზიკურმა პირმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას 2020 წელს დეტალური პასუხი გასცა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია BDO-მ და Kalba International, Inc.-მა".
  • "კომისია (2020 წლის ანგარიშის გვ. 15) აცხადებს, რომ მობილური ოპერატორების საოპერაციო მარჟები (EBITDA) 40%-ზე მეტი იყო, მაგრამ კომპანიებს საკომუნიკაციო სერვისებზე ფასები არ შეუმცირებიათ. დამწყები ფინანსისტისთვისაც კი ცნობილია, რომ საოპერაციო მარჟა და EBITDA სხვადასხვა ცნებაა. მხოლოდ მაღალი EBITDA-ს არსებობა არ ნიშნავს, რომ კომპანია მოგებაზეა. ფაქტია, რომ მოქმედი სამი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე მობილური ოპერატორიდან ორი რამდენიმე წელია წმინდა ზარალზეა (რისი დამადასტურებელი ანგარიშებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე - www.reportal.ge )".
  • "ურთიერთგამომრიცხავია კომისიის პოზიცია ტარიფებთან დაკავშირებით. კომისიის 2019 და 2020 წლის ანგარიშები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. თუ 2019 წელს კომისიის ანგარიშში (გვ. 30 - https://www.comcom.ge/ge/the-commission/annual-report) ვკითხულობთ, რომ საცალო ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების აუცილებლობა არ გამოვლინდა, 2020 წელს (ანგარიშის გვ. 16), იმ პირობებში, როცა ბაზარზე უფრო ხელმისაწვდომი პაკეტები გაჩნდა და ფასები გაიაფდა, კომისია ასკვნის, რომ კონკურენცია შეზღუდულია, ტარიფები კი მაღალი".
  • "2020 წლის ანგარიშის მე-15 გვერდის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია თითქოს არ ერევა სატარიფო რეგულაციაში და ფასწარმოქმნის ნაწილს ოპერატორებს შორის კომერციულ საწყისზე ტოვებს. ესეც მორიგი ტყუილი - კომისია ერევა როგორც დაშვების, ისე სატარიფო რეგულაციაში იმ ფორმით, რომ აწესებს სავალდებულო მეთოდოლოგიას, თუ როგორ უნდა დაანგარიშდეს ფასები (Retail-minus მეთოდოლოგია), თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან".

"ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2020 წლის ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას აქვს ე.წ. ფეიკ ნიუსის ტიპიური სტრუქტურა, როდესაც მოყვანილია რამდენიმე სწორი ფაქტი (მაგ: ბაზრის არსებითი წილი ეკუთვნის მაგთიკომსა და სილქნეტს; ბაზარზე არსებობს შედარებით დაბალფასიანი შეთავაზებები...) და ამის შემდეგ მსჯელობა გრძელდება ისეთი ლოგიკით, რომელიც საერთოდ არ გამომდინარეობს ამ ფაქტებიდან, მაგრამ ხელსაყრელია კომისიისთვის. ეს არ არის მათი მხრიდან პირველი შემთხვევა და კომისია, რომელიც ვითომ ებრძვის ფეიკ ნიუსებს, სინამდვილეში თავად მიმართავს და ამკვიდრებს ამ მეთოდს". – ვკითხულობთ მაგთიკომის განცხადებაში.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ დარგის განვითარებაზე ფიქრის ნაცვლად, მათ კომისიის არაადეკვატური მოთხოვნებისა და ახირებების დაკმაყოფილება უწევთ.

 

კომენტარები