რუსული ოკუპაცია

"დამღალა ამ ყველაფერმა" – გახელაძის დედა თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ

Imedinews

"დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო. დღეს თუ არ გამომივიდა, ხვალ და ზეგ არ ვიცი, კიდევ თუ მივალ ამ ზომამდე და გათავდება ჩემი ტანჯვა-წამება". – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, მთავარ არხთან საუბრისას თქვა. 

"დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. ყველას შევხვდით, პრეზიდენტს შევხვდით, პრემიერს, ამერიკის ელჩს. მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა და გადის დღეები, თვეები, წელიწადი მოვიდა და ჩვენი შედეგი და ჩვენი მოთხოვნა არავის ეყურება. ჩვენს საქმეს საშველი არ დაადგა და ადამიანი ფსიქოლოგიურად ყველა ერთნაირია. რა ვიცი მე, იძულებული ვარ, რაღაცა მოვიმოქმედო, დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო. დღეს თუ არ გამომივიდა, ხვალ და ზეგ არ ვიცი კიდევ თუ მივალ ამ ზომამდე და გათავდება ჩემი ტანჯვა-წამება. მესმის, დამნაშავე რომ იყოს, იტყვი ადამიანი დამნაშავეა და მოიხადოს სასჯელი, შეეგუები ადამიანი და მთელი მსოფლიო ამბობს, უდანაშაულოაო და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს პირველივე დღიდან. წელიწადი გავიდა და განა, რა გახდა ჩვენი საქმე ასეთი უსაშველო". – ამბობს ნანა ბუნტური. 


საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა, თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ გახელაძის მამამ მთავარ არხთან საუბრისას თქვა.

"როდესაც ველოდებით 31-ში, რომ ჩემი შვილი სახლში უნდა ყოფილიყო და არ გამოვიდა, მეუღლე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. შევიდა, 5-ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა, რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა". – თქვა გახელაძის მამამ. 

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

23 ივნისს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად მოძრაობა დროას ორგანიზებული აქცია გაიმართება. დროას ინფორმაციით, 23 ივნისი ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

კომენტარები