ევროპის ჩემპიონატი

რატომ მღერიან შოტლანდიელი გულშემატკივრები დისკო ჰიმნს ლონდონის ქუჩებში?

18 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ბრიტანული დერბი – ინგლისისა და შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა გაიმართა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. ძლიერ მეტოქესთან ქულის მოპოვება "სკოტების" ათასობით გულშემატკივარმა ლონდონის ქუჩებში იზეიმა.

რამდენჯერმე ფანებმა ბენდ Baccara-ს, 70-იანი წლების დისკო ჰიტი – Yes Sir I Can Boogie, შეასრულეს.

ფეხბურთის გულშემატკივრები ხშირად ასრულებენ ისეთ სიმღერებს, რომლებიც სპორტული თემატიკას არ უკავშირდება. იქნება ეს Whitestripes-ის Seven Nation Army, თუ Savage Garden-ის Truly Madly Deeply. ბაკარას ჰიტი შოტლანდიელი გულშემატკივრების რეპერტუარში გასული წლის ნოემბერს დამკვიდრდა. ეროვნული ნაკრების წევრებმა გასახდელში სწორედ ამ სიმღერაზე აღნიშნეს სერბეთის დამარცხება.

ესპანური პოპ დუო Baccara 1977 წელს ჩამოყალიბდა და იმავე წელს ჰიტი Yes Sir I Can Boogie გამოუშვა. სიმღერა ბრიტანეთის ჩარტებში საპატიო პირველ ადგილს ერთი კვირის განმავლობაში იკავებდა. ეს იყო ჯგუფის ყველაზე დიდი, პირველი და უკანასკნელი წარმატება. ბაკარა 1981 წელს დაიშალა.

კომენტარები