ავღანეთი

თალიბანმა ავღანეთში, მინიმუმ, 27 რაიონზე კონტროლი მოიპოვა

თალიბანის წევრები

მას შემდეგ, რაც აშშ-სა და NATO-ს მოკავშირეებმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს, თალიბანმა მინიმუმ 27 რაიონზე კონტროლი მოიპოვა

ბოლო დროს, რაც თალიბანის თავდასხმები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. დანაკარგი იზრდება როგორც მათ, ისე ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარეს. მხოლოდ ოთხშაბათს, 16 ივნისს ფარიაბის პროვინციაში ავღანეთის კომანდოს დანაყოფის 20 ჯარისკაცი დაიღუპა. თალიბები ცდილობენ, აიღონ პროვინციების დედაქალაქები, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც ახლავს. 

დაკავებულ რაიონებში თალიბანის წევრები სამთავრობო შენობებს ანადგურებენ. 

ავღანეთის სამთავრობო ძალები ფინანსურად და სამხედრო რესურსებით დიდად იყო დამოკიდებული აშშ-ს ჯარებზე. 

თალიბანის გარდა, ავღანეთში ნელ-ნელ ფეხს კვლავ იკიდებს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო. გასულ კვირაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებმა მოკლეს 10 განმნაღმველი.

"ისლამურმა სახელმწიფომ და სხვა ტერორისტულმა ჯგუფებმა ავღანეთში ფეხი მოიკიდეს. ამიტომაც, ნაჩქარევი და უპასუხისმგებლო ჯარების გაყვანის შედეგები, შესაძლოა, არა მხოლოდ ავღანეთის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის იყოს საშიში". – ამბობს Deutsche Welle-სთან ავღანეთის პარლამენტის წევრი. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. 

კომენტარები