ხელფასი

რას ნიშნავს საშუალო ხელფასის 4%-იანი ზრდა და რას ასახავს იგი რეალურად

Publika.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში, 2021 წლის პირველ კვარტალში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 256 ლარია, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით, 53.5 ლარითაა გაზრდილი.

ასევე ცნობილია ის დარგები, რომლებშიც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2%-ით);
  • მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3%-ით);

სანამ გავარკვევდეთ, რეალურად რას ასახავს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი, ორიოდე სიტყვა იმაზეც უნდა ვთქვათ, როგორ ითვლება საშუალო ნომინალური ხელფასი.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი განისაზღვრება საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე და იანგარიშება გამოკითხული დასაქმებულთა ხელფასების ჯამის გაყოფით მათ საერთო რაოდენობასთან. მაგალითად, 2 დასაქმებულის საშუალო ხელფასი, რომელთაგან ერთის დარიცხული ხელფასი 10 000 ლარია, მეორისა კი 1 000, 5 500 ლარი – (10 000+1 000)/2 – იქნება.

საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში ჩართულია მხოლოდ დაქირავებით მომუშავე პირები, რომელთაც ერიცხებათ ხელფასი, შესაბამისად, მაჩვენებელი არაფერს ამბობს თვითდასაქმებულებზე და მათ შემოსავლებზე. ცნობისთვის, 2020 წლის ბოლოსთვის, თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 32%-ს შეადგენს. 

საშუალო ხელფასის გასაანგარიშებელ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს საწარმოთა და ორგანიზაციათა კვლევა, რომელშიც, ყოველკვარტალურად 15 000-მდე ობიექტი ირჩევა.  

მაჩვენებლის სწორი ინტერპრეტირებისთვის მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ რეალური და ნომინალური ხელფასი. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ნომინალურია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაქირავებით დასაქმებულთა მიერ ვალუტაში აღებული ხელფასის რიცხვობრივ ოდენობას აღწერს და არა ამ თანხის მსყიდველობით უნარს.

კერძოდ, თუ წლიდან წლამდე საშუალო ნომინალური ხელფასი 5%-ით გაიზარდა, მაგრამ, ამავე პერიოდში, ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები 10%-ით გაძვირდა, გამოდის, რომ რეალური ხელფასი 5%-ით შემცირებულა, რადგან ამ 5%-ით გაზრდილი თანხით ახლა 10%-ით უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას შევძლებთ, ვიდრე 1 წლის წინ.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი კვარტალის საშუალო ნომინალური ხელფასი, წინა წელთან შედარებით, 4.4%-ითაა გაზრდილი, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2021 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა. შედეგად, დაქირავებით დასაქმებულებს ახლა, ნომინალში, 4.4%-ით მეტი ვალუტის დახარჯვა შეუძლიათ, მაგრამ ამ თანხით, ინფლაციის გამო, 7.7%-ით ნაკლებ საქონელსა და მომსახურებას შეიძენენ. 

აქედან გამომდინარე, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში საშუალო რეალური ხელფასი 7.7%–4.4%=3.3%-ით შემცირდა და ქვეყნის მოსახლეობას სწორედ ამ რაოდენობით ნაკლები პროდუქტის შეძენა შეუძლია. 

 

კომენტარები