ქართული ოცნება

კობახიძე ეჭვობს, რომ გახარიას ქმედებები 20 ივნისს სააკაშვილთან იყო დაკავშირებული

Mzia Saganelidze (RFE/RL)

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების დროს გიორგი გახარიას ქმედებები მიხეილ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული.,

"სააკაშვილთან პარტნიორობის ცოტა უფრო ირიბ კავშირებზე შეიძლება ჩვენ გვქონდეს ეჭვი. მარტივი კითხვა დავსვით ჩვენ, რაზეც ვერ მივიღეთ პასუხი. ეს არის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში სჭირდებოდა 2-3 დღე. რამდენჯერაც ეს კითხვა დაისვა, იმდენჯერ გვერდი აუარა გახარიამ. ამაზე პასუხი არ არსებობს, 2-3 დღე უკეთესობისკენ რას ცვლიდა. უარსებობისკენ ბევრ რამეს ცვლიდა.

ამას ემატება გარკვეული ეჭვები დღევანდელ დაფინანსებაზე, ანუ იკვრება გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ჩვენ საუბრის საშუალებას გვაძლევს. ამას ემატება წარსულში განხორციელებული გარკვეული ქმედებები. მიზეზების დაგროვებაზე არ არის საუბარი, იყო გარკვეული ქმედებები, რაც ამყარებს ეჭვს, რომ გავლენის ქვეშ ბევრად უფრო ადრე იყო. მაგალითად იგივე, რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან". – თქვა კობახიძემ. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად და გუნდში ამასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა.

კომენტარები