ქართული ოცნება

კობახიძე ეჭვობს, რომ გახარიას სააკაშვილთან პარტნიორობის მერკანტილური მოტივი ჰქონოდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ თებერვალში ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომისას მიხეილ სააკაშვილთან პარტნიორობის მერკანტილური მოტივი ჰქონოდა.

​"მე ვფიქრობ, რომ მოტივი იყო უფრო მერკანტილური, სხვადასხვა ვიწრო-ფართო გაგებით, ვიდრე პირდაპირი ინტერესი, რომ მაინცდამაინც სააკაშვილი ჩამოეყვანა საქართველოში. სავარაუდოდ, ეს არ იყო მისი პირდაპირი მოტივი. მას, სავარაუდოდ, ჰქონდა გარკვეული სხვა მოტივები, რომელიც ამას უბრალოდ საბოლოო შედეგად ითვალისწინებდა. 

სააკაშვილთან პარტნიორობის ცოტა უფრო ირიბ კავშირებზე შეიძლება ჩვენ გვქონდეს ეჭვი. მარტივი კითხვა დავსვით ჩვენ, რაზეც ვერ მივიღეთ პასუხი. ეს არის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში სჭირდებოდა 2-3 დღე. რამდენჯერაც ეს კითხვა დაისვა, იმდენჯერ გვერდი აუარა გახარიამ. ამაზე პასუხი არ არსებობს, 2-3 დღე უკეთესობისკენ რას ცვლიდა. უარესობისკენ ბევრ რამეს ცვლიდა". – თქვა კობახიძემ. 

4 ივნისს ირაკლი კობახიძემ ეჭვი გამოთქვა ყოფილი თანაგუნდელისა და პრემიერის, გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად და გუნდში ამასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა. 

კომენტარები