რუსული ოკუპაცია

გახელაძის დედა: 23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს, გთხოვთ, 34 წელს იქ ნუ შეახვედრებთ

პირადად ღარიბაშვილი დაგვპირდა თვის ბოლოს ჩემს შვილს, მაგრამ არც მაგან არ გაამართლა და მაგანაც მოგვატყუა. 23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს. 33 წლის გაიტაცეს და 34 წელს იქ ნუ შეახვედრებთ ჩემს შვილს დაბადების დღეს. თუ ამ თხოვნამაც არ გაჭრა, 23-ში მართლა არ გავჩერდებით. ფეხით ჩავალ ცხინვალის ციხეში. შემიშვებენ თუ არ შემიშვებენ, არ ვიცი, რაღაცას, არ ვიცი, რას მოვიფიქრებთ. ჩვენთვის არც კანონია და არც სამართალია და მეც აღარ ვემორჩილები. 

TV პირველთან ამბობს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური.  11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.  ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები