აშშ-რუსეთი

პუტინი ბაიდენზე: იმედი მაქვს, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი იმპულსურად აღარ იმოქმედებს

ვლადიმირ პუტინი/ჯო ბაიდენი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა NBC News-სთან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტებზე, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენზე ისაუბრა. პუტინმა აღნიშნა, რომ ბაიდენი ტრამპზე ნაკლებ იმპულსური იქნებოდა. 

პუტინმა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დადებითად დაახასიათა, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპი "ამერიკული ისტებლიშმენტის" ნაწილი არ ყოფილა.

"ახლაც მჯერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი გამორჩეული პიროვნებაა, ნიჭიერი პიროვნებაა, სხვაგვარად აშშ-ს პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. [..] ის მრავალფეროვანი პიროვნებაა. შეიძლება მოგწონდეთ, ან – არა. ის ამერიკული ისტებლიშმენტის ნაწილი არ იყო, [პრეზიდენტობამდე] დიდი პოლიტიკის ნაწილი არ ყოფილა, ზოგს შეიძლება მოსწონდეს ეს, ზოგს – არა, მაგრამ ეს ფაქტია" – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

ბაიდენზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაიდენს მთელი კარიერა პოლიტიკაში აქვს გატარებული და იმედი ჰქონდა, აშშ-ს პრეზიდენტი იმპულსურად აღარ იმოქმედებდა.

"ის განსხვავებული ტიპის ადამიანია და დიახ, არის გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ჩემი დიდი იმედია, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი იმპულსურად აღარ იმოქმედებს." – თქვა პუტინმა.

საუბრისას NBC New-ს ჟურნალისტმა გაიხსენა ინტერვიუ, რომლის დროსაც ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს მკვლელი უწოდა.

"მივეჩვიე ყველა მხრიდან თავდასხმებს და ეს აღარ მაოცებს" – თქვა პუტინმა.

ბაიდენის კომენტარს პუტინი წარსულშიც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის".

აშშ-ს პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს რამდენიმე დღეში, 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან. ბაიდენი ამჟამად ევროპაში საქმიანი ვიზიტების პირველი სერიით იმყოფება. აშშ-ს პრეზიდენტი ახლა დიდ ბრიტანეთშია და დიდი შვიდეულს სამიტს ესწრება. სამიტის დასრულების შემდეგ ის ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე გამემგზავრება. პარტნიორებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ ბაიდენი ჟენევაში პუტინს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ. ჯო ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო შეხვდება ჟურნალისტებს.

კომენტარები