აშშ-რუსეთი

ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან. ინფორმაციას თეთრი სახლი და კრემლი ადასტურებს.

"ლიდერები განიხილავენ აქტუალური საკითხების სრულ სპექტრს, რადგან ჩვენ ვცდილობთ აშშ-რუსეთის ურთიერთობების პროგნოზირების და სტაბილურობის აღდგენას". – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა, იენ საკიმ. 

კრემლის განცხადებით, ლიდერები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობას, სტრატეგიულ ბირთვულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სხვა საკითხებს, მათ შორის რეგიონულ კონფლიქტებსა და კორონავირუსთან ბრძოლას.

იენ საკის ნათქვამი აქვს, რომ არ არის აუცილებელი, აშშ-რუსეთის მრავალი უთანხმოება სამიტის წინ გადაიჭრას. 

"ცხადია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ღირებულებები - ყველა ეს საკითხი სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თავიანთ კოლეგებთან წამოსწიეს. თუმცა მოწვევა, რომ [ბაიდენმა და პუტინმა] ჰქონდეთ დისკუსია იმ პირობით არ შევთავაზეთ, რომ ყველა საკითხი წინასწარ გადაჭრილიყო. ჩვენ ველით, რომ კვლავ უთანხმოებები გვექნება". – აღნიშნა საკიმ. 

ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ​ბაიდენმა პუტინს შესთავაზა, უახლოეს თვეებში, მესამე ქვეყანაში სამიტზე შეხვედროდნენ ერთმანეთს და განეხილათ აშშ-სა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხები.

საუბრისას ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების უეცარ მობილიზებასთან დაკავშირებით. ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხრიდან "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".

საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს, მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები რუსეთის ქმედებების, კიბერთავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. საუბრიდან ორი დღის შემდეგ კი აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა.

პასუხად რუსეთმა აშშ-ს 10 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და 8 მაღალჩინოსანი შავ სიაში შეიყვანა.

კომენტარები