კორონავირუსი და შეზღუდვები

დღეიდან ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება განახლდა

სამოქალაქო ქორწინება
sixsens-creacion.com

დღეიდან, 9 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება განახლდა.

ქორწინების სახლებში საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია გასული წლის 11 სექტემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო.

სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,  ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ამ მომსახურების მისაღებად ქვეყანაში მოქმედ ყველა ქორწინების სახლს (სივრცეს) მიმართონ, მათ შორის თელავსა და გურჯაანში ახლად გახსნილ საქორწინო სივრცეებს, ასევე, ისარგებლონ ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

"წყვილმა ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge. ამისთვის საჭიროა, კალენდარში აირჩიოს მისთვის სასურველი ვიზიტის თარიღი და ფილიალი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენს. შერჩეულ ფილიალში ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის მსურველ წყვილს ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ". – წერია სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები