სომხეთი

ფაშინიანი მზად არის, შვილი აზერბაიჯანში დაკავებულ სომეხ სამხედრო ტყვეებში გაცვალოს

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მზადაა, თავისი შვილი აზერბაიჯანში დაკავებულ სომეხ სამხედრო ტყვეებში გაცვალოს. განცხადება ფაშინიანმა ქალაქ აპარანში მოსახლოებასთან შეხვედრის დროს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების სერჟ სარქისიანის და რობერტ კოჩარიანის საპასუხოდ გააკეთა. 

"ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვაძლევ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ". – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებს – რობერტ კოჩარიანსა და სერჟ საქრისიანს მიმართა და თქვა, რომ უფლებამოსილებას აძლევს, ამ საკითხზე მოლაპარაკაბები აწარმოონ.

"არ გეგონოთ, რომ ამას ემოციურად ვამბობ. ვამბობ ოფიციალურად. წადით და აწარმოეთ მოლაპარაკებები". – თქვა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტებისგან პასუხს ელოდა.

საკითხს გამოეხმაურა ფაშინიანის შვილიც.

"მზად ვარ, სომეხი სამხედროების ნაცვლად წავიდე აზერბაიჯანში მძევლად ან ნებისმიერი სხვა პირობით. ყოველთვის ვიყავი და ვარ მზად. ზოგიერთი პოლიტიკური წრე ამ საკითხით მანიპულირებს და ფიქრობს, რომ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის არსებობს წითელი ხაზები როცა საქმე ქვეყნის სამსახურს ეხება". – წერს აშოტ ფაშინიანი Facebook-ზე.

ფაშინიანის შვილი აღნიშნავს, რომ თუ ყოფილ პრეზიდენტებს ასეთი შეთანხმების მიღწევის საშუალება აქვთ, ეს უნდა გააკეთონ, სხვა მხრივ კი  "მათი სიტყვები და გამოთქმები უბრალოდ შანტაჟია".

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 20 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნა პოლიტიკური ბლოკი სომხეთი. სომეხი ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციური ბლოკი სომხეთი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანის პარტიის მთავარი კონკურენტი იქნება.

არჩევნების ჩატარებისთვის ნიკოლ ფაშინაინი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ახალა პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება ნიკოლ ფაშინიანმა მარტში მიიღო. მანამდე, 18 მარტს სომხეთის პრეზიდენტთან და სამი ოპოზიციური ფრაქციის, აყვავებული სომხეთისჩემი ნაბიჯის და ნათელი სომხეთის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი არჩევნების თარიღი გამოაცხადა.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან ომის შემდეგ გრძელდება. კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა თებერვლის ბოლოს გენშტაბისა და ფაშინიანის დაპირისპირების დროს. ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების საკითხი ამ დაპირისპირებისასწამოიჭრა. ოპოზიციასა და ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება ოპოზიციას პრემიერმინისტრმა შესთავაზა. თუმცა თავდაპირველად ფაშინიანი და ოპოზიციური პარტია ნათელი სომხეთის ლიდერი ედმონ მარუქიანი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

ფაშინიანსა და გენშტაბს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრმა შტაბის მეთაურის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაშინაინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა შტაბმა პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა. მოთხოვნას ხელი მოაწერა გენშტაბის თავმჯდომარემ, ონიკ გასპარიანმა. ფაშინიანმა გენშტაბის მოქმედებები სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები