სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის გადადგა

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა, რათა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარდეს. ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ით გადაცემულ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის მე დღეს თანამდებობიდან მივდივარ". - ციტირებს ფაშინიანს TASS-ი.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დაშლისთვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. არჩევნებამდე ფაშინიანი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. ტექნიკური პროცედურის ფარგლებში, ფაშინიანის მსგავსად, ქვეყნის მთავრობაც გადადგა.

ფაშინიანის თანახმად, სომხეთის მმართველი პარტია საზოგადოებრივი კონტრაქტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი იქნება.


პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება ნიკოლ ფაშინიანმა მარტში მიიღო. მანამდე, 18 მარტს სომხეთის პრეზიდენტთან და სამი ოპოზიციური ფრაქციის, აყვავებული სომხეთისჩემი ნაბიჯის და ნათელი სომხეთის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები 2021 წლის 20 ივნისს გაიმართება.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან ომის შემდეგ გრძელდება. კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა თებერვლის ბოლოს გენშტაბისა და ფაშინიანის დაპირისპირების დროს. ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების საკითხი ამ დაპირისპირებისას წამოიჭრა. ოპოზიციასა და ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება ოპოზიციას პრემიერმინისტრმა შესთავაზა. თუმცა თავდაპირველად ფაშინიანი და ოპოზიციური პარტია ნათელი სომხეთის ლიდერი ედმონ მარუქიანი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

ფაშინიანსა და გენშტაბს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრმა შტაბის მეთაურის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაშინაინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა შტაბმა პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა. მოთხოვნას ხელი მოაწერა გენშტაბის თავმჯდომარემ, ონიკ გასპარიანმა. ფაშინიანმა გენშტაბის მოქმედებები სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები