სომხეთი

ფაშინიანი: აპრილში თანამდებობიდან გადავდგები, რათა შევძლოთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება

ნიკოლ ფაშინიანი
Press service of the Armenian government

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აპრილში თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. არჩევნებამდე ფაშინიანი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

"აპრილში თანამდებობიდან გადავდგები, რათა შევძლოთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება. არჩევნებამდე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად დავრჩები" – თქვა ფაშინიანმა.

18 მარტს სომხეთის პრეზიდენტთან და სამი ოპოზიციური ფრაქციის, აყვავებული სომხეთის, ჩემი ნაბიჯის და ნათელი სომხეთის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები 2021 წლის 20 ივნისს გაიმართება.


პოლიტიკური კრიზისი სომხეთში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან ომის შემდეგ გრძელდება. კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა თებერვლის ბოლოს გენშტაბისა და ფაშინიანის დაპირისპირების დროს. ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების საკითხი ამ დაპირისპირებისას წამოიჭრა. ოპოზიციასა და ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება ოპოზიციას პრემიერმინისტრმა შესთავაზა. თუმცა თავდაპირველად ფაშინიანი და ოპოზიციური პარტია ნათელი სომხეთის ლიდერი ედმონ მარუქიანი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ ვერ შეთანხმდნენ

ფაშინიანსა და გენშტაბს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრმა შტაბის მეთაურის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაშინაინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა შტაბმა პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა. მოთხოვნას ხელი მოაწერა გენშტაბის თავმჯდომარემ, ონიკ გასპარიანმა. ფაშინიანმა გენშტაბის მოქმედებები სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები