სომხეთი

სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კოჩარიანმა საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკი ჩამოაყალიბა

რობერტ კოჩარიანი

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა შექმნა პოლიტიკური ბლოკი პარტიებთან დაშნაკცუთიუნი და სომხეთის აღორძინება. ბლოკი სომხეთი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.  

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებმა თავიანთი პროგრამა ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე წარადგინეს. აქციაზე დაახლოებით 20 000 ადამიანი შეიკრიბა.

კოჩარიანმა პირობა დადო, შეაფასებდა "ყველა სფეროში ქვეყნისთვის მიყენებულ ზარალს" და დაიწყებდა ანტიკრიზისული ზომების მიღებას, რათა შეაჩეროს "უსაფრთხოებისა და სახელმწიფო მმართველობის დეგრადაცია, ეკონომიკური კოლაფსი და საერთაშორისო არენაზე აღადგინოს ქვეყნის რეიტინგი და ავტორიტეტი". კოჩარიანის თანახმად, პირველი ამოცანა იქნება ყოველწლიურად ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

ყოფილმა პრეზიდენტმა სომხეთის ახლანდელ მთავრობას "დამარცხების სიმბოლო" უწოდა და ის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არაკომპეტენტურობასა და ქვეყნის ეკონომიკის დანგრევაში დაადანაშაულა.

"ფაქტობრივად, ამ ხელისუფლების დროს გაიზარდა მხოლოდ სიღარიბე და სასაფლაოების რაოდენობა, და სწორედ ეს არის ახლანდელი ხელისუფლების სამწლიანი მმართველობის შედეგი". - თქვა კოჩარიანმა.

სომეხი ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციური ბლოკი სომხეთი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანის პარტიის მთავარი კონკურენტი იქნება. ანალიტიკოსთა აზრით, საარჩევნო ბარიერს კიდევ რამდენიმე პარტია გადალახავს, თუმცა მთავარი ძალა სწორედ რადიკალურად განსხვავებული ბლოკი სომხეთი იქნება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 20 ივნისს გაიმართება. არჩევნების ჩატარებისთვის ნიკოლ ფაშინაინი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ახალა პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება ნიკოლ ფაშინიანმა მარტში მიიღო. მანამდე, 18 მარტს სომხეთის პრეზიდენტთან და სამი ოპოზიციური ფრაქციის, აყვავებული სომხეთისჩემი ნაბიჯის და ნათელი სომხეთის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი არჩევნების თარიღი გამოაცხადა.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან ომის შემდეგ გრძელდება. კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა თებერვლის ბოლოს გენშტაბისა და ფაშინიანის დაპირისპირების დროს. ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების საკითხი ამ დაპირისპირებისას წამოიჭრა. ოპოზიციასა და ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება ოპოზიციას პრემიერმინისტრმა შესთავაზა. თუმცა თავდაპირველად ფაშინიანი და ოპოზიციური პარტია ნათელი სომხეთის ლიდერი ედმონ მარუქიანი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

ფაშინიანსა და გენშტაბს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრმა შტაბის მეთაურის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაშინაინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა შტაბმა პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა. მოთხოვნას ხელი მოაწერა გენშტაბის თავმჯდომარემ, ონიკ გასპარიანმა. ფაშინიანმა გენშტაბის მოქმედებები სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები