სომხეთი

სომხეთში ვადამდელი არჩევნების მოლაპარაკებებზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ოპოზიციური პარტია ნათელი სომხეთის ლიდერი ედმონ მარუქიანი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ ვერ შეთანხმდნენ. 

"მოლაპარაკებები გვქონდა. პრემიერმინისტრი გენშტაბის მოვლენებს ვადამდელ არჩევნებს არ უკავშირებს, ჩვენ კი ვუკავშირებთ, რადგან ვთვლით, რომ ქვეყნის კრიზისულ სიტუაციას ეს პრობლემაც დაემატა და ისინი [ვადამდელი არჩევნები და გენშტაბის კრიზისი] ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. პრემიერმინისტრთან ვერანაირ შეთანხმებამდე ვერ მივედით". - თქვა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მარუქიანმა. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირაში შესთავაზა, თუკი ისინი გარკვეულ პირობებს დათანხმდებოდნენ.


სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, რადგან ამ უკანასკნელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, ტიგრან ხაჩატრიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა ეს ფაქტი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და საკუთარ მხარდამჭერებს მთავრობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა. მან ასევე გენშტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც პრეზიდენტმა სარქისიანმა უარი თქვა. 

გენშტაბი თვლის, რომ პრემიერსა და მთავრობას არ შეუძლიათ კრიტიკული და საბედისწერო სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. გენერალური შტაბის წევრთა განცხადებით, ისინი, დიდი ხანია, რაც მთავრობის მხრიდან დისკრედიტაციის მსხვერპლნი არიან.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია, მოთმინებით იტანდა მოქმედი ხელისუფლების "თავდასხმებს" დისკრედიტაციის სახით, თუმცაღა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს". – წერია გენშტაბის განცხადებაში.

კომენტარები