აშშ-საქართველო

აშშ: საქართველო, უკრაინა, კოსოვო 1-ლი 3 ევროპული ქვეყანაა, რომლებსაც ვაქცინას გავუგზავნით

"რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს". – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, მიმდინარე კვირაში, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს,

"რადგან არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცული[...] ასევე, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს". – წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

4 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს.

საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით ვიზიტისას ისაუბრა სენატორმა ჯინ შაჰინმაც. 

"ოფიციალურმა თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც აშშ-სგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიიღებს". – თქვა შაჰინმა. 

17 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში 80 მილიონ დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაგზავნის მსოფლიოში. 

კომენტარები