ნინოწმინდის ბავშთა პანსიონი

ISFED პანსიონზე: ომბუდსმენს მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს

სამართლიანი არჩევნები - ISFED ეხმიანება ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებულ მოვლენებს და მიუღებლად მიაჩნია ბავშვთა ყოფნა იზოლაციაში და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დაუშვებლობა მათთან.

"პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე მსგავსი მასშტაბის ინსტიტუციის არსებობა, რაც მოძველებულ, ბავშვთა უფლებების დამრღვევ მიდგომას წარმოადგენს და არ შეესაბამება ამ სფეროს  თანამედროვე სტანდარტებს. ასეთი დიდი დაწესებულებები საფუძველშივე რისკის შემცველადაა მიჩნეული და უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

სამართლიანი არჩევნები მიესალმება 5 ივნისს, PHR-ის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია ის საფრთხე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და სახელმწიფო უწყებებისგან დროულ ჩარევას მოითხოვს. მართალია, განჩინება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხება, მაგრამ სასამართლომ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში არსებული ზოგადი მდგომარეობა.

აგრეთვე, სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება  არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, და, ასევე, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ამ ფონზე, განსაკუთრებით, სამწუხაროა, საპატრიარქოს მიერ განჩინების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გამოჰყავს, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანია გამოყვანილი, მათგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი".- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ISFED აუცილებლად თვლის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიეცეს სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, ადმინისტრაციის დასწრების გარეშე, რათა შეძლოს ბავშვებთან უსაფრთხო გარემოში ურთიერთობა და მათი მდგომარეობის შეფასება.

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს:

  • საქართველოს საპატრიარქოსა და პანსიონის ადმინისტრაციას - დაუყოვნებლივ შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში და შეწყვიტოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფა, მათი სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროება. ასევე, შეწყვიტოს ბავშვების გაყვანის პროცესის ხელშეშლა;
  • სამართალდამცავ უწყებებს - დაუყოვნებლივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ;
  • სახელმწიფოს - უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს  პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი, თუ ეს დროულად ვერ ხერხდება, პრიორიტეტი მიანიჭოს მცირე, საოჯახო ტიპის სახლებს;
  • სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს - გადატანილი სტრესის  გათვალისწინებით, სასწრაფოდ შემუშავდეს ბავშვთა ფსიქოლოგიური და, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა ტიპის დახმარების პროგრამები და დაიწოს მათი რეაბილიტაციის პროცესი.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 11 ბავშვი გაიყვანა, მათ შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. სამინისტროში აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს 5 ივნისის დროებითი განჩინების აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის ნაწილშია დაწყებული.


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

კომენტარები