ქართული ოცნება

ბოკერია კობახიძეზე: ბოდვა ჩვეულებრივ ამბად იქცა, გახარიას გუნდმა შეამჩნია, რახან მათ შეეხო

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ეჭვობს, რომ გიორგი გახარია სააკაშვილთან ერთად გადატრიალებას გეგმავდა. ბოკერია ამბობს, რომ კობახიძისგან "ასეთი ბოდვა" ჩვეულებრივ ამბად იქცა და, მისივე შეფასებით, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა ის ახლა შეამჩნიეს, რადგან მათ შეეხო.  

"ასეთი განცხადებების მე-6 სერიაში ვართ, ან მე-7-ში, არ მინდა, ამერიოს. ეს ახლა ხდება, ოღონდ გახარიას გვარი დაამატეს ამ ბოდვაში და თავისთავად საგანგაშო მდგომარეობაა, რომ ასეთი ბოდვა სერიოზულად შეიძლება ითქვას ამ ტიპის ალიანსზე და ამ ტიპის გეგმაზე. ჩვეულებრივ ამბად იქცა, ოღონდ ჩვეულებრივ ამბად ახლა არ ქცეულა. შეიძლება მისმა გუნდის წევრებმა შეამჩნიეს, რახან მათ შეეხოთ, მაგრამ ეს არის მე-6 თუ მე-7 სერია". - ამბობს გიგა ბოკერია მთავარ არხზე საუბრისას.  

ბოკერიამ მაგალითად ირაკლი კობახიძის მიერ 2020 წლის არჩევნების წინ "სიების" გამოქვეყნება მოიყვანა - კობახიძე მაშინ ამტკიცებდა, რომ ეს ადამიანები არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავდნენ. კობახიძის განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო და ის სუს-შიც დაიბარეს. 

"დღეს თქვენ აღშფოთდით სწორად, რომ არ შეიძლება პარტიის თავმჯდომარე აკეთებდეს ამ განცხადებას და მერე რეაგირებდეს სახელმწიფო ინსტიტუტებიო, ეს არანორმალურიაო, გეთანხმებით. მაგრამ, ეს არანორმალური იყო მაშინაც. დღეს გაბრაზდით სწორად, პრემიერმინისტრი როცა ხარ და ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება, რომელიც, ყველამ ვიცით, რომ ბოდვა და სისულელეა და ამაზე არ რეაგირებ, ეს აჩვენებს, რომ ან პოლიტიკურად უხერხემლო ხარ, ან უპრინციპო ხარ, ან მხოლოდ მაშინ გაღელვებს ეგეთი რაღაცები, როცა შენ შეგეხება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, როცა პოლიტიკურ კარიერას ახალ ეტაპზე იწყებს ბატონი გახარია, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს". - უთხრა გიგა ბოკერიამ გახარიას გუნდის წევრს, კახა ქემოკლიძეს.

ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელისა და პრემიერის, გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვები გუშინ, 4 ივნისს გამოთქვა.

კობახიძის თქმით, 17 თებერვალს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გამოცხადების წინ არსებობდა დამთხვევა მათ კონსპირაციულ ინფორმაციასა და მაშინდელ პრემიერ გახარიას გუნდის შიგნით გაკეთებულ განცხადებებს შორის.


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად და გუნდში ამასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა. 

ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების თანახმად და მელიას თანხმობით, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა. ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა

22 მარტს გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და თქვა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ". 29 მაისს გიორგი გახარიამ ახალი პარტია, საქართველოსთვის წარადგინა. 

"გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა". – თქვა გახარიამ ახალი პარტიის პრეზენტაციაზე. 

კომენტარები