გიორგი გახარია

TV იმედი: ჯერჯერობით, გახარიას ჩვენს ეთერში დაპატიჟება არარელევანტურად მიგვაჩნია

ტაბულა

ტელეკომპანია იმედის შეფასებით, გიორგი გახარიამ თავისი აქტივობა "მედიის მისამართით თითის ქნევით" დაიწყო. TV იმედის განცხადებით, მათ მოძრაობა საქართველოსთვის შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად არ მიიჩნიეს და სწორედ ამიტომაც არ დაესწრნენ გიორგი გახარიას შეხვედრას ტელევიზიებთან.

"სამწუხაროა, რომ ახალშობილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლის სლოგანია არავის წინააღმდეგ, თავისი აქტივობა დაიწყო მედიის მისამართით "თითის ქნევით" და გაილაშქრა ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ. ამ შეკრებაზე ჩვენი ტელეკომპანია არ იყო წარმოდგენილი მარტივი მიზეზით: ჩვენ შემოგვთავაზეს ფორმატი, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანებს, ერთად იბარებდნენ ინტერვიუზე გიორგი გახარიასთან. დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ფორმატი გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში. ტელეკომპანია იმედმა არ მიიჩნია მოძრაობა საქართველოსთვის შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტელეკომპანია, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. შესაბამისად, იმედის სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას, რასაც მხილებით და სიმართლის თქმით ვაკეთებთ - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: გიორგი გახარიას მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვება იმ მომენტში, ცალსახად ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს.

რაც შეეხება მის სურვილს, დავუთმოთ იმედის ყველაზე რეიტინგული ეთერი - ბატონი გახარიას მიერ ჩვენს ტელეკომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმის შემდეგ, მისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად გვეჩვენება" - აცხადებს TV იმედი.

სამთავრობო არხები, იმედი და POSTV პარტია საქართველოსთვის ლიდერთან, გიორგი გახარიასთან პირველ პრესკონფერენციაზე არ მივიდნენ. გიორგი გახარიამ გამხსნელ სიტყვაში ტელეკომპანია იმედს მასთან პირველი ინტერვიუ შესთავაზა. გადაწყვეტილება არხის რეიტინგით ახსნა. იქვე, ყოფილმა პრემიერმინისტრმა TV იმედს პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზია უწოდა.

"სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო იმედის და პოსტივის ადგილები არის თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ვთხოვთ, რომ აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, რომ იმედი დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. მე ვიცი, რომ იმედის ბევრი ჟურნალისტი დღეს ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია აქ წარმოდგენილი. 

საპასუხოდ მინდა ღიად შევთავაზო მათ ჩემი პირველი ეთერი ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, თუ რა თქმა უნდა, ეს მათი სურვილიც იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგის ტელევიზიაა". – თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დაასახელა. კერძოდ, ყოფილმა პრემიერმა მაშინ თქვა, რომ მასა და ქართული ოცნების გუნდს შორის არსებობდა სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უნდა დაეკავებინათ თუ არა ნიკა მელია. 

29 მაისს გახარიამ პარტია საქართველოსთვის დააარსა და პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა, მათ შორის პარლამენტის მოქმედი წევრები ქართული ოცნების სიიდან. 

კომენტარები