ნინოწმინდის პანსიონი

ვოლსკი პანსიონზე: დარწმუნებული ვარ იქ არაფერი ხდება ისეთი, რაზეც რიგი ადამიანები საუბრობენ

გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არაფერი ხდება ისეთი, რაზეც "არაკორექტულად ლაპარაკობენ მთელი რიგი ადამიანები".

"ისტორიის მანძილზე არც ერთხელ არ მაგონდება, რომ ეკლესიას რაიმე ისეთი გაეკეთებინოს თავისი განკარგულების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ინტერესს დაუპირისპირდებოდა. თუმცა, ამჯერად მე ვხედავ, რომ ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მნიშვნელოვნად აზიანებს, თვითონ ეკლესიასაც, მის ავტორიტეტსაც. დარწმუნებული ვარ და მაქვს უფლება, ვიყო დარწმუნებული, რომ იქ არაფერი ისეთი არ ხდება, რაზეც აბსოლუტურად არაკორექტულად ლარაპაკობენ მთელი რიგი ადამიანები, რაღაც თემები ისე შემოაქვთ, რომ იქ აუცილებლად რაღაც უნდა იყოს", - ამბობს ის რუსთავი 2-ის ეთერში.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გამოეხმაურა სახალხო დამცველის ინფორმაციასაც, რომ პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც არის დაწყებული და თქვა, რომ მას კორექტულობა მართებს, როდესაც საუბარი ბავშვებზეა.

"ჩემი აზრით, სახალხო დამცველს კორექტულობა მართებს, როდესაც ბავშვებზეა საუბარი. გაუპატიურების მცდელობის სიტყვის ასე ბურთაობა არ არის სწორი. ჩვენ ერთი დღით არ ვცხოვრობთ. ხელისუფლების ვალდებულებაც არის, რომ დაძაბული სიტუაცია როგორმე განმუხტოს.

ერთს ვიტყვი, ალბათ ეკლესიამაც უნდა გაითვალისწინოს, მრევლმაც და იმ ადამიანებმაც, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხის გადაწყვეტა, რომ მნიშვნელოვნად ზიანდება, როგორც ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ასევე ეკლესიაც ზიანდება ვინაიდან რაღაც ეჭვები წარმოშვა მრევლში და მეც ვარ ეკლესიის მრევლი და საკმაოდ უსიამოვნო გამონათქვამები რომ მესმის ეკლესიის მიმართ. ძალიან ვწუხვარ ამაზე და ამის აბსოლუტურად გაბათილება შეიძლება, თუკი სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ და კიდევ სახელმწიფოც ზიანდება იმ დამატებითი დაძაბულობით, რაც შეიქმნა", - თქვა გია ვოლსკიმ.


სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ, 2 ივნისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც არის დაწყებული. 

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები