ლელო ნინოწმინდის პანსიონატზე: დანაშაულებრივია ხელისუფლების უმოქმედობა

ლელო საქართველოსთვის / Facebook

"დანაშაულებრივია ხელისუფლების უმოქმედობა ამ თემაზე გაურკვეველი და ბუნდოვანი ელექტორალური ზიანის შიშით". – წერია პარტია ლელოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

ლელოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო დროს გაჩენილმა კრიზისებმა და, განსაკუთრებით, ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ გამოაჩინა ხელისუფლების უუნარობა და ინსტიტუციური რღვევა, რასაც სახალხო დამცველის მოკვლევის შედეგებიც ადასტურებს, რომელშიც ბოლო წლებში, ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, რამდენიმე საქმეა აღძრული.

"პრობლემა მწვავეა და მისი სასწრაფოდ მოგვარება ყველას ინტერესია, რადგან ბავშვების უფლებები ირღვევა და ილახება, როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის იმიჯი. 

როდესაც საზოგადოებაში არის ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი არსებობს მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში, არ შეიძლება გაგრძელდეს ეს აუხსნელი ჩაკეტილობა, უნდა გაიხსნას პანსიონის კარი, რათა შეკითხვებს გაეცეს პასუხი, იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქო თავად გადადგამს ამ ნაბიჯს, შემდგომი პროცესი გახდება გამჭვირვალე და საზოგადოებას მიეცემა ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. 

კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომ დროზე გაატაროს ყველა ქმედითი ღონისძიება იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას". – წერია განცხადებაში.

გუშინ, 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები